დიღმის სამმართველოში ლევან ვასაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
დიღმის სამმართველოში ლევან ვასაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბიზნესმენ ლევან ვასაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ვასაძე დიღმის სამმართველოში ცოტა ხნის წინ ადვოკატთან ერთად შევიდა.

ვასაძემ გამოკითხვამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„მოვედი, რომ გავაგრძელო ჩემი სრული, კანონმორჩილი თანამშრომლობა ამ ჩვენს ნახევარ სახელმწიფოსთან, მივცე ნებისმიერი ჩვენება, გავცე პასუხი ყველა შეკითხვას, რასაც დამისვამენ, არაფერი არ მაქვს დასამალი. წამოვედი ვერის ბაღიდან, რადგან იყოს სიმშვიდე. ვიცოდი, უარი რომ მეთქვა მოსვლაზე, მოვარდებოდნენ და ერთი ამბავი ატყდებოდა. ჩვენს თანამოქალაქეებს ავუხსენი, რაც მოხდა რუსი დეპუტატის გარშემო დადგმული პროვოკაციის შესახებ. მოვუწოდე ყველას, ვინც წინააღმდეგია ე.წ. პრაიდის ჩატარების, ვერის ბაღში მოვიდეს, იყოს მშვიდად, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება. არავითარ შემთხვევაში არ დაუპირისპირდეს იმ ქართველებს, ვინც იქ სამართლიანად აპროტესტებენ ​გავრილოვის ქმედების გარშემო პროვოკაციას, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, დადგეს გლობალისტებმა. ის დაადგმევინა ბიძინამ, თორემ რომ არ სდომებოდა, რატომ დაადგმევინებდა. ერთი თხოვნა მაქვს ქართველ ჟურნალისტებთან, ქართველ საზოგადოებასთან, ნუ ავყვებით ემოციებს, ვიყოთ მშვიდად, წყნარად“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ კანონს არღვევდა, როდესაც ე.წ. რაზმების შექმნაზე საუბრობდა, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ მას კანონი არ დაურღვევია.

„ეს თქვენი ინტერპრეტაციაა, არაფერი კანონი არ დამირღვევია, კანონს არღვევს ის, ვინც არ ემორჩილება შსს-ს განცხადებას, რომ პრაიდი არ ჩატარდება. კანონს დაარღვევს ის უცხოელი, მათ შორის ელჩი, ვინც არ დაემორჩილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, ირმა ინაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ დაეტიონ თავიანთ საელჩოებში, არ გამოიწვიონ ქართველი ხალხი აგრესიაზე და ვინც ამას არ გააკეთებს, ის თვითონ გავა კანონს გარეთ, ქართული სახელმწიფოს სტაბილურობის ინტერესებს მიღმა. თუ ამათ, ამ ნახევარ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მე დავარღვიე კანონი, ყველაფრისთვის მზად ვარ.

თეთრი ხელსახოცი არის მშვიდობის სიმბოლო, კომბლები დევს სხვენში. იმ წამსვე, როცა პოლიციამ გვითხრა, რომ არ ჩაგვქოლავს და პრაიდი არ ჩატარდება, მოვუწოდეთ ჩვენს მომხრეებს, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში. ეს კომბლები იმისთვის იყო, რომ პოლიციელების ძალადობისგან დაგვეცვა თავი, თუკი ისინი პროვოკატორებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლაში დაეხმარებოდნენ. კომბლები არასდროს არ იყო განკუთვნილი ამ უბედური ხალხის დასაფრთხობად. ვიღაც ტყეში ან სარდაფში რაღაცას იზამს, ეს არ არის პრაიდი“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძეს 16 ივნისს, ვერის ბაღში, აქციაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოკითხავენ. ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება. ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.