დიდუბის საოლქო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მეცხრე უბნის ბიულეტენების პარკი დაულუქავი არ ყოფილა და ის კიბეზე ატანისას მცირედით დაზიანდა
დიდუბის საოლქო კომისიაში მომხდარ ინციდენტს საოლქო კომისიის თავმჯდომარე ლიკა ავალიშვილი ეხმაურება.
ლიკა ავალიშვილი უარყოფს, რომ ბიულეტენების პარკი დაულუქავი იყო.
მისი თქმით, დიდუბის მეცხრე უბნის კომისიის თავმჯდომარეს ბიულეტენების პარკი კიბეზე ამოსვლისას დაუზიანდა, თუმცა დაზიანება იმდენად მცირე იყო, რომ ბიულეტენებიანი კონვერტები ვერ გადმოიყრებოდა.
„ეს არის ცრუ ინფორმაცია. კომისიის თავმჯდომარეს ორი პარკი ამოჰქონდა მესამე სართულზე, რომელიც არის საკმაოდ მძიმე. აქ იყო რიგი, რადგან რამდენიმე უბანმა ერთდროულად დაასრულა მუშაობა და მოვიდნენ ინვენტარის გადმოსაცემად. ხედავთ, რომ აქ საკმაოდ პატარა სივრცეა და გაჭედილი იყო აქაურობა. კიბეზე შემთხვევით პარკი წამოსდო და ხელის მოსაკიდებელ ადგილზე ოდნავ გაიხა. ამაზე თქვეს, რომ საარჩევნო ბიულეტენები გადმოიყარა და თითქოს, გახსნილი იყო. აღნიშნული ფაქტი ფიზიკურად ვერ მოხდებოდა, რადგან პარკში ბიულეტენები კონვერტში დალუქული დევს რეგისტრატორებისა და უბნის თავმჯდომარის ხელმოწერით“, – განაცხადა ლიკა ავალიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ განაცხდა, რომ მას და მის მეგობრებს დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში უცნობი პირები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ბიულეტენების დაულუქავი პარკის გადაღება სცადეს.