დიდთოვლობის გამო სხვადასხვა სახის დახმარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ქვეყნის მასშტაბით 140 შეტყობინება შევიდა
დიდთოვლობის გამო სხვადასხვა სახის დახმარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ქვეყნის მასშტაბით 140 შეტყობინება შევიდა

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დიდთოვლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის დახმარებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 140 შეტყობინება შევიდა.

ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებსა და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დიდთოვლობამ მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია წყნეთში, რის შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„დიდთოვლობის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობს. ამ დროისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან, სხვადასხვა სახის დახმარებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 140 შეტყობინება შემოვიდა. სამაშველო სამსახური ყველა მათგანზე რეაგირებს. გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებს და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება. ამ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 26 ავტომობილი. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელ. სადენები. დიდთოვლობამ ავტობუსის გაჩერების, მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია წყნეთში. შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, თუმცა ის კონტაქტურ მდგომარეობაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დამატებითი ცვლის გამოყვანის აუცილებლობა არ დამდგარა. მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მოქალაქეების დახმარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.