დიდმა ბრიტანეთმა „კრედიტ სუისი“ იმ ინსტიტუტების სიაში შეიყვანა, რომლებსაც უფრო მკაცრი ზედამხედველობა სჭირდებათ
დიდმა ბრიტანეთმა „კრედიტ სუისი“ იმ ინსტიტუტების სიაში შეიყვანა, რომლებსაც უფრო მკაცრი ზედამხედველობა სჭირდებათ

გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ორგანომ (FCA) შვეიცარული ბანკი „კრედიტ სუისი“ (Credit Suisse) შეიყვანა იმ ინსტიტუტების სიაში, რომლებსაც უფრო მკაცრი ზედამხედველობა სჭირდებათ.

ბრიტანულმა მარეგულირებელმა, გასულ თვეში, შვეიცარულ ბანკს განუცხადა, რომ ბანკმა საკმარისად არ გააუმჯობესა კულტურა, მმართველობა და რისკის კონტროლი, რის გამოც საჭირო გახდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) და ბრიტანეთის ფინანსური ქცევის ორგანომ გასულ წელს „კრედიტ სუისი“ დააჯარიმეს დაახლოებით 475 მილიონი დოლარით, ქრთამის აღებისა და თაღლითობის ბრალდებების მოსაგვარებლად მოზამბიკის 2 მილიარდი დოლარის კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით. ბრიტანულმა მარეგულირებელმა ასევე სთხოვა შვეიცარიული ბანკის მაღალჩინოსნებს, მისცეს მტკიცებულება იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ბანკი გადადგამს გადაცდომის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად. მარეგულირებელმა წერილში თქვა, რომ მას ასევე აქვს შეშფოთება იმის თაობაზე, ბანკმა ადეკვატურად აცნობა თუ არა ქცევის წესების დარღვევა რამდენიმე წლის განმავლობაში. გასულ წელს „კრედიტ სუისმა“ 1.6 მილიარდი შვეიცარული ფრანკის ზარალი განიცადა.