დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ჩრდილოეთ ირლანდიის სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ჩრდილოეთ ირლანდიის სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ჩრდილოეთ ირლანდიის სავაჭრო ზომებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ლონდონში ვიზიტით მყოფმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და რიში სუნაკმა გამოაცხადეს. შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მნიშვნელოვანი გარღვევა და ახალი თავი ევროკავშირისა და ბრიტანეთის ურთიერთობებში, – ასე შეაფასეს მიღწეული შეთანხმება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ დღეს ჩვენ გადამწყვეტ გარღვევას მივაღწიეთ. ერთად ჩვენ შევცვალეთ თავდაპირველი პროტოკოლი და დღეს ვაცხადებთ უინძორის ახალ ჩარჩოს. დღევანდელი შეთანხმება უზრუნველყოფს შეუფერხებელ ვაჭრობას გაერთიანებული სამეფოს მთელ ტერიტორიაზე, იცავს ჩრდილოეთ ირლანდიის ადგილს ჩვენს კავშირში და იცავს ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის სუვერენიტეტს. გაერთიანებულ სამეფოს და ევროკავშირს შესაძლოა, წარსულში ჰქონდათ აზრთა სხვადასხვაობები, თუმცა ჩვენ ვართ მოკავშირეები, სავაჭრო პარტნიორები და მეგობრები, რასაც ვხედავთ მკაფიოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ სხვებთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერად გავერთიანდით. ეს არის ჩვენს ურთიერთობებში ახალი თავის დასაწყისი“, – განაცხადა რიში სუნაკმა.

თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საკუთარი ვალდებულება შეასრულა.

„ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ, რომ ვალდებულება შევასრულეთ, რადგან დღეს შევთანხმდით უინძორის ჩარჩოზე. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ირლანდიასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებულ ახალ შეთანხმებებს. ეს ახალი ხელშეკრულება მოგვცემს შესაძლებლობას, დავიწყოთ ახალი თავი. ის უზრუნველყოფს გრძელვადიან გამოსავალს, რომელიც იმუშავებს ჩრდილოეთ ირლანდიის მთელი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სუნაკის განმარტებით, შეთანხმება გააუქმებს ირლანდიის ზღვაში, ანუ ჩრდილოეთ ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს დანარჩენ ნაწილს შორის ყველა სახის საზღვარს. გაერთიანებული სამეფოს სხვა ნაწილიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში საქონლის გადაადგილება მოხდება „მწვანე“ და „წითელი“ ხაზების სისტემით: „მწვანე ხაზზე“ საბაჟო პროცედურების გარეშე მოხდება იმ ტვირთის ტრანსპორტირება, რომელიც არ იქნება განკუთვნილი ევროკავშირის ბაზრისთვის. „წითელი ხაზით“ ტრანსპორტირებული ტვირთი საბაჟო შემოწმებას დაექვემდებარება.

როგორც რიში სუნაკი აცხადებს, ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ საკვები პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება დიდ ბრიტანეთში სუპერმარკეტების თაროებზე, ასევე იქნება ხელმისაწვდომი ჩრდილოეთ ირლანდიაში. კონტრაბანდის თავიდან ასაცილებლად, „მწვანე ხაზზე“ შესაძლებელი იქნება შერჩევითი შემოწმებები.