დიდი შვიდიანის წევრებმა ომანის სანაპიროსთან ტანკერზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულეს
დიდი შვიდიანის წევრებმა ომანის სანაპიროსთან ტანკერზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულეს

დიდი შვიდიანის წევრებმა გასულ კვირაში ომანის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერზე მომხდარ თავდასხმაში ირანი დაადანაშაულეს. ინციდენტს მაშინ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომლებიც ბრიტანეთის და რუმინეთის მოქალაქეები იყვნენ.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, დიდი შვიდიანის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავთობის ტანკერზე წინასწარ განზრახული თავდასხმა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით განხორციელდა, ყველა არსებული მტკიცებულება აშკარად მიუთითებს ირანზე და ამ თავდასხმას არანაირი გამართლება არ აქვს.

განცხადების თანახმად, ირანის ქცევა, მარიონეტული ძალებისა და არასახელმწიფო შეიარაღებული აქტორების მხარდაჭერის პარალელურად, საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ნავთობის ტანკერი დაკავშირებულია ისრაელელი მილიარდერის, ეიალ ოფერის სახელთან. ისრაელის ხელისუფლება საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება. ირანი ბრალდებებს უარყოფს.