„დიდი შვიდეული“ უკრაინის ფინანსური დახმარების კოორდინაციის პლატფორმას შექმნის
„დიდი შვიდეული“ უკრაინის ფინანსური დახმარების კოორდინაციის პლატფორმას შექმნის. ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრის შედეგად მიღებულ განცხადებაში.
კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და ამისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომლის ფარგლებშიც პირველი შეხვედრა 2023 წლის იანვარში იგეგმება.
„ამ პლატფორმის საშუალებით, ჩვენ განვახორციელებთ არსებული მექანიზმების კოორდინაციას მოკლევადიანი და გრძელვადიანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები მზადყოფნას გამოთქვამენ, გააგრძელონ ერთობლივი ძალისხმევის კოორდინირება, რათა დააკმაყოფილონ უკრაინის სასწრაფო სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებები, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვითი სისტემებისა და შესაძლებლობების მიწოდებაზე ფოკუსით.
დიდი შვიდეულის ლიდერები გმობენ რუსეთის დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რაც, მათი შეფასებით, არის სამხედრო დანაშაული, და მზადყოფნას გამოთქვამენ, დაეხმარონ უკრაინას დაზიანებული ობიექტების აღდგენაში.
„სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკეებისთვის დაუსჯელობა არ უნდა იყოს. ჩვენ პასუხს ვაგებინებთ პრეზიდენტ პუტინსა და სხვა პასუხისმგებელ პირებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერები ასევე გმობენ რუსეთის „უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას“ და აღნიშნავენ, რომ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას სერიოზული შედეგები მოჰყვება.
„რუსეთის აგრესიის ომი უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის, ჩვენ არ გვინახავს მტკიცებულებები, რომ რუსეთი მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევის ერთგულია. რუსეთს შეუძლია ამ ომის დაუყოვნებლივ დასრულება უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების შეჩერებით და უკრაინის ტერიტორიიდან თავისი ძალების სრულად და უპირობოდ გაყვანით. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის სამართლიანი მშვიდობის ინიციატივას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებით, ისინი შეინარჩუნებენ და გააძლიერებენ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას, ასევე მათზე, ვინც თავს არიდებს და ძირს უთხრის ამ შეზღუდვებს. „დიდი შვიდეული“ ასევე გააგრძელებს იმ მოწყვლადი ქვეყნების დაცვას, რომლებიც სერიოზულად დაზარალდნენ რუსეთის აგრესიის, ომისა და მის მიერ ენერგეტიკისა და სურსათის იარაღად გამოყენების შედეგად.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ასევე ადასტურებენ თავიანთ განზრახვას, ეტაპობრივად უარი თქვან რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე.