დიდი ქალაქები ყოველთვის არ არის ისეთი საშიში, როგორიც გვგონია
ჩიკაგოში (ილინოისის შტატი), ლიტლ-ვილიჯის უბანში, სადაც 2017 წლის 2 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს, პოლიცია სამხილებს ეძებს
თითქოს მარტივი საქმეა, მაგრამ სხვადასხვა ქალაქში დანაშაულის დონის მაჩვენებლების ერთმანეთთან შედარება გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მკვლევრებმა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის 20 ისეთი მსხვილი ქალაქის სტატისტიკა შეისწავლეს, სადაც, სულ მცირე, 2,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ბრიუსელი, შესაბამისად, ამ კვლევაში ვერ მოხვდა.
მკვლევრების დასკვნა ერთმნიშვნელოვანია: დანაშაულის ტრადიციულ რეიტინგებს დიდი ფასი არ აქვს. არა იმიტომ, რომ პოლიცია მონაცემებს აყალბებს, არამედ იმიტომ, რომ დანაშაულის შემთხვევებს სხვადასხვა ქალაქში ერთნაირი მეთოდით არ აღრიცხავენ.
პირველი პრობლემა – განსაზღვრება. წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა: ვიღაცამ გაჩერებულ მანქანაში მინა ჩაამტვრია და ავტომობილის სალონიდან რაღაც მოიპარა. ლონდონში ეს ავტომობილიდან ქურდობად კლასიფიცირდება, ნიუ-იორკში კი – სხვის საკუთრებაში შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობად. დანაშაული ერთი და იგივეა, მაგრამ ორი განსხვავებული განსაზღვრებით. ამიტომ, ლონდონში მომუშავე მკვლევრებმა დანაშაულის კატეგორიები გააერთიანეს, რათა ქალაქების ერთმანეთთან შედარება ერთიანი კრიტერიუმით ყოფილიყო შესაძლებელი.
მართალია, რომ პარიზი ლონდონზე უფრო საშიში ქალაქია?
მეორე პრობლემა: ყველა ქალაქს არ აქვს ერთნაირი ადმინისტრაციული საზღვრები. ამას კი კვლევის შედეგების მთლიანად დამახინჯება შეუძლია. ავიღოთ, მაგალითად, პარიზი. საფრანგეთის დედაქალაქი, ადმინისტრაციული თვალსაზრისით, წრიულ ავტომაგისტრალთან მთავრდება. თუ დანაშაულის დონეს ამ მცირე, ძალიან მჭიდროდ დასახლებულ, 2-მილიონიან ტერიტორიაზე დავითვლით, შესაძლოა, პარიზი ბევრად უფრო საშიში გამოჩნდეს, ვიდრე დიდი ლონდონი, რომელიც თავისი გარეუბნებიანად, ჯამში, 9 მილიონ მცხოვრებს ითვლის.
ამიტომ, მკვლევრებმა რუკები ხელახლა შეადგინეს, რათა ეკვივალენტური ურბანული ტერიტორიები შეედარებინათ. შედეგი: პარიზსა და ლონდონს შორის სხვაობა მკვეთრად შემცირდა. ეს ორი დედაქალაქი ახლა ერთნაირ პოზიციაზეა.
მკვლელობების მაჩვენებლით, ჩიკაგო ძალიან „დაწინაურდა“
ამ ცდომილებების გასწორების შემდეგ, ზუსტი დასკვნების გამოტანა უკვე შესაძლებელია. მაგალითად, მკვლელობების შემთხვევაში, კვლევის შედეგები ეჭვს არ იწვევს: ჩრდილოეთ ამერიკა ძალიან „დაწინაურდა“, აზია საკმაოდ მშვიდია, ხოლო ევროპა სადღაც შუაში იმყოფება.
რეიტინგს ჩიკაგო ლიდერობს, სადაც 100 000 მცხოვრებზე თითქმის 22 მკვლელობა მოდის. ეს 13-ჯერ აღემატება შესწავლილი ევროპული ქალაქების საშუალო მაჩვენებელს. აზიაში კი, კერძოდ – ტოკიოსა და სეულში, 100 000 მცხოვრებზე ერთ მკვლელობაზე ნაკლები მოდის.

ეს რეიტინგი მხოლოდ მკვლელობებს ეხება. თუმცა, დანაშაულის სხვა კატეგორიებსაც თუ განვიხილავთ, სურათი ნაკლებად მკაფიო ხდება. მაგალითად, ძალადობრივი ძარცვის შემთხვევაში, ევროპის მსხვილი ქალაქები ყოველთვის არ არიან უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე მათი ამერიკული ანალოგები. კიდევ უფრო მოულოდნელია ის, რომ ძარცვის მიზნით საცხოვრებელ სახლებში შეღწევა, საერთო ჯამში, ჩრდილოეთ ამერიკასთან შედარებით, ევროპაში უფრო ხშირად ხდება. მოკლედ, მკაფიო ზღვარი „საშიშ“ და „უსაფრთხო“ ქალაქებს შორის არ არსებობს. თითოეულ მსხვილ ქალაქს დანაშაულის საკუთარი, სპეციფიკური პროფილი აქვს.
მშრალ მონაცემებს ზოგჯერ სრულიად განსხვავებული რეალობის შენიღბვა შეუძლია. ავიღოთ, მაგალითად, გაუპატიურების შემთხვევები. ამ მხრივ, ლონდონს, სხვა ქალაქებთან შედარებით, ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა, ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ლონდონში გაუპატიურების მეტი ფაქტი ხდება – იქ, უბრალოდ, მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციაში უფრო მეტი შეტყობინებები შედის. ამის საპირისპიროდ, ტოკიოსა თუ ჰონგ კონგში დაფიქსირებული ძალიან დაბალი ციფრების უკან ხშირად იმალება დიდი სოციალური ტაბუ, რომელიც ადამიანებს დანაშაულის შეტყობინებისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს.
ქალაქები უფრო უსაფრთხო ხდება
მაშ, სახლიდან გასვლისას უნდა გვეშინოდეს? სულაც არა. პირიქით, ეს კვლევის ერთ-ერთი დადებითი დასკვნაა. მონაცემები აჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში დანაშაულის დონე იკლებს. ეს ევროპასაც ეხება, სადაც ლონდონსა და პარიზში ძალადობრივი თავდასხმების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა. იგივე სურათია ამერიკაშიც: პანდემიის პერიოდში ძალადობის ზრდის შემდეგ, ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში ძალადობრივი დანაშაული კლებას განაგრძობს.
ეს, შესაძლოა, მიმდინარე მოვლენებისა და ნარკოვაჭრობასთან დაკავშირებულ ბოლო დროს მომხდარი სროლების შედეგად დახატული სურათისგან აცდენილი ჩანდეს. თუმცა, დასავლეთის მსხვილი ქალაქები, გრძელვადიან პერსპექტივაში, მთლიანობაში, უფრო უსაფრთხო ხდება.