„დიდი ოცეულის“ სამიტზე სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო ევროპელმა დიპლომატებმა ერთობლივი ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს

14:33, 31.10.2026

„დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო ევროპელმა დიპლომატებმა „ოჯახური ფოტოს“ გადაღებაზე უარი თქვეს.

ორმა ოფიციალურმა პირმა „ბიბისის“ დაუდასტურა, რომ დაგეგმილი „ოჯახური ფოტოს“ გადაღება ოფიციალურად გაუქმდა.

აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ფოტოს გადაღება გაუქმდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ „ზოგიერთ დელეგაციას არ სურდა ერთობლივ ფოტოში მონაწილეობა“.

ამასთან, მედიის ცნობით, აშშ-მა განიხილა ორი „ოჯახური ფოტოს“ გადაღების შესაძლებლობა — ერთი ლავროვთან ერთად და მეორე მის გარეშე.

საბოლოოდ, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გადაწყვიტა, საერთოდ გაეუქმებინა ფოტოს გადაღება.

მედიის ინფორმაციით, რუბიომ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ფიქრობდა, ფოტოს გარშემო ატეხილი დრამა შეკრების მიზანსა და მიღწევებს დაჩრდილავდა.

ცნობისთვის, 30-31 ოქტომბერს აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსი მინისტრის გამო G20-ზე „საოჯახო ფოტოს“ გადაღება არ შედგა, მსგავსი ფაქტი 2022 წელს ბალიზე გამართულ შეხვედრაზეც მოხდა, ასევე, 2023 წელს ინდოეთში. 2025 წელს იოჰანესბურგში ფოტოს არგადაღება „დროის სიმცირით“ ახსნეს, თუმცა, ჟურნალისტების ცნობით, ევროპული ქვეყნების დიპლომატებმა ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღებაზე უარს განაცხადეს.

მსგავსი