კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა
კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხია გლობალური ეკონომიკა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

„ჩვენ სხვა ვარიანტი არ გვაქვს, მსოფლიოს გადასარჩენად საჭიროა თანამშრომლობა. ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩვენი ხალხის, არამედ მსოფლიოს მოსახლეობის წინაშე. პასუხისმგებლობის ქონა ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ეს ომი თუ არ დასრულდება, მსოფლიოსთვის წინსვლა რთული იქნება. „დიდი ოცეული“ უნდა იყოს ინკლუზიური ეკონომიკური აღდგენის კატალიზატორი. არ უნდა დავყოთ მსოფლიო ნაწილებად. არ უნდა დავუშვათ, რომ მსოფლიო მორიგ „ცივ ომში“ გადაეშვას“, – განაცხადა მასპინძელი ქვეყნის, ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ სამიტის გახსნით სიტყვაში.

„დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სამიტს არ ესწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ლიდერების შეხვედრაზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ინდონეზიამ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისთვის სამიტზე დასწრების მიწვევის გაუქმებაზე.

სამიტის ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე ბალიზე აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა. ეს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში სი ძინპინთან პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.