ფრანგული სარაგბო კლუბი, ტიტულოვანი „ტულონი“, მამუკა გორგოძეს დაემშვიდობა. ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ მორაგბეს ფრანგული გრანდის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური ვიდეო მიუძღვნეს.
„მამუკა გორგოძემ „ტულონის“ მაისურით ექვს სეზონზე 110 მატჩი ჩაატარა და 2015 წელს ჩემპიონთა თასის მფლობელიც გახდა. დიდი მადლობა ჩვენს მებრძოლს“, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა კიდევ ერთხელ ქართველ მორაგბეს სოციალურ ქსელში „ტულონი“.
მამუკა გორგოძის მიერ კარიერის დასრულების შესახებ უკვე ცნობილი იყო, მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი ივლისში ეწურებოდა.
გორგოძე „ტულონში“ 2014 წლიდან თამაშობდა და 110 შეხვედრაში მის ანგარიშზე 11 გატანილი ლელოა. მანამდე კი ქართველმა მორაგბემ ცხრა წელი „მონპელიეში“ გაატარა, სადაც 168 მატჩში 27 ლელოს ავტორია.