„დიდი გერმანიის“ დაბრუნება? – ერთი რუკით გამოწვეული შეშფოთება
„დიდი გერმანიის“ წარმოსახვითი რუკა
„გერმანიის ერთიანობა ნიშნავს ისეთ გერმანიას, რომელიც მთელ გერმანელ ხალხს ერთ სახელმწიფოში გააერთიანებს. დღეს ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მიღწეულ ერთ-ერთ გამარჯვებას აღვნიშნავთ“ – ეს განცხადება სოციალურ ქსელში გასული წლის 3 ოქტომბერს გერმანული ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), ახალგაზრდა წევრმა გამოაქვეყნა. საინტერესო დეტალი: ტექსტს ხელს ჰელმუტ შტრაუფი აწერს, თუმცა მის ავტორს, რომელიც საფრანგეთის ლოთარინგიის რეგიონთან ახლოს, საარლანდშია დაბადებული, სინამდვილეში ლუკა მორისი ჰქვია. როგორც ჩანს, მან მიიჩნია, რომ მისი ნამდვილი სახელი საკმარისად გერმანულად არ ჟღერდა.
3 ოქტომბერი გერმანიის ერთიანობის დღეა. ეს დღესასწაული აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანებას ეძღვნება, რომელიც ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ მოხდა. „ცივი ომის“ პერიოდში გერმანია, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ორ ნაწილად იყო გაყოფილი.
რუკა, რომელზეც გერმანულენოვანი ტერიტორიები ერთიან სივრცედ არის წარმოდგენილი
კამათი სწორედ ამ ტექსტის თანდართულმა რუკამ გამოიწვია. ჰელმუტის, უფრო სწორად კი, ლუკა მორის შტრაუფის წარმოდგენით, გერმანელი ხალხის განსახლების არეალი გერმანიის დღევანდელ საზღვრებს სცდება.
რუკა გამოხატავს მოსაზრებას, თითქოს ყველა, ვინც გერმანულად ლაპარაკობს, გერმანელია. ამ ლოგიკით, გერმანიას ავსტრია და შვეიცარიის გერმანულენოვანი ნაწილიც უნდა ეკუთვნოდეს, ისევე როგორც ბელგიის გერმანულენოვანი თემი. იგივე შეიძლება ითქვას ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოზეც, სადაც გერმანული ნამდვილად არის სახელმწიფო ენა, ოღონდ – ფრანგულთან და ლუქსემბურგულთან ერთად. რუკაზე გერმანიის ნაწილად არის წარმოდგენილი იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ტრენტინო-ალტო ადიჯეც, სადაც გერმანული, იტალიურთან ერთად, ასევე ოფიციალური ენაა. ასე იქმნება „დიდი გერმანიის“ სურათი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლური დეტალია ის, რომ რუკაზე გერმანიის შემადგენლობაშია მოქცეული ელზას-ლოთარინგიაც. ამ ტერიტორიაზე ერთადერთი ოფიციალური ენა ფრანგულია, თუმცა ზოგიერთ ადგილას დღემდე შემორჩენილია გერმანული ენის ადგილობრივი დიალექტი – ელზასური, რომელიც, ისევე როგორც დიალექტების უმეტესობა, თანდათან ქრება.
ამრიგად, რუკა უგულებელყოფს როგორც ენობრივ, ისე პოლიტიკურ რეალობას და „დიდი გერმანიის“ იდეის გაცოცხლებას ცდილობს.

„დიდი გერმანიის“ წარმოსახვითი რუკა, რომელიც პანგერმანიზმს აცოცხლებს
ცხადია, ეს რუკა მხოლოდ ახალგაზრდა ულტრამემარჯვენე ნაციონალისტის ფანტაზიის ნაყოფია და მხოლოდ მის პირად შეხედულებებს გამოხატავს. თუმცა, მას უწყინარს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ: ეს რუკა კარგად წარმოაჩენს იმ ტენდენციას, რომელიც დღეს გერმანიაში ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერებაში ვლინდება. ამ ძალებმა ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე საქსონია-ანჰალტის მხარეში ახლახან გამართულ არჩევნებში დიდი წარმატება მოიპოვეს და აბსოლუტურ უმრავლესობამდე სულ ცოტა დააკლდათ.
ეს რუკა აცოცხლებს პანგერმანიზმს – იდეოლოგიას, რომელიც გერმანიაში პირველ მსოფლიო ომამდე იყო გავრცელებული. მისი მიზანი ყველა გერმანულენოვანი ხალხის იმდროინდელი გერმანიის იმპერიის ფარგლებში გაერთიანება იყო. სწორედ ამ იდეოლოგიურმა მიმდინარეობამ შეუწყო ხელი შემდგომში ნაციზმისა და ადოლფ ჰიტლერის „დიდი რაიხის“ ჩამოყალიბებას. ყველამ ვიცით, ეს ყველაფერი როგორ დამთავრდა.
ისტორიის გადაწერისა და მეზობლებისთვის საფრთხის შექმნის ახალი მცდელობა
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიამ ნაციზმისგან გათავისუფლების და ისტორიულ დანაშაულზე პასუხისმგებლობის აღების გზა აირჩია. ეს პასუხისმგებლობა მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმის, ომის დანაშაულების და გენოციდის აღიარებასა და მონანიებაში გამოიხატება.
დღეს გერმანიის ულტრამემარჯვენე ძალები ცდილობენ, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების ვალდებულება შეასუსტონ და, რაც კიდევ უფრო უარესია – კვლავ გააცოცხლონ „დიდი გერმანიის“ მითი. ლუკა მორის შტრაფის მიერ გამოქვეყნებული ეს რუკა სწორედ ამ ტენდენციას უწყობს ხელს.
საზღვრებით თამაში ცეცხლთან თამაშს ჰგავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ზოგიერთი სახელმწიფო დაიშალა – მაგალითად, ყოფილი იუგოსლავია, – თუმცა ერთი ტერიტორიის ნაწილის მეორისთვის მიერთება აქამდე არც ერთ სახელმწიფოს არ უცდია. რა თქმა უნდა, გამონაკლისია ვლადიმირ პუტინის რუსეთი, რომელმაც ეს უკრაინაში გააკეთა. ამის სავარაუდო მიზეზი ისიც არის, რომ პუტინსაც აქვს წარმოსახვითი რუკა აქვს გონებაში – ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის რუკაა.