დიდი ფეხბურთი პირველ არხზე - დღეს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება #1TVSPORT
დღეს, ყატარში, ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – უდიდესი საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ყველაზე უჩვეულო იქნება.
უჩვეულო იმიტომ, რომ პირველი მუნდიალია, რომელსაც არაბული ქვეყანა უმასპინძლებს და პირველია, რომელიც ზამთარში იმართება (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში) – ორივე ამ გადაწყვეტილებამ კი საფეხბურთო სამყაროში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი „ალ-ბეით სთედიუმზე“ ჩატარდება – 60-ათასიან არენაზე, რომელიც საგანგებოდ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდა. პირველ დღეს, 20 ნოემბერს, A ჯგუფის მატჩი გაიმართება – ტურნირის მასპინძელი ყატარის ნაკრები ეკვადორს ეთამაშება.
ჩეულებრივი კი ქართველი გულშემატკივრისთვის იქნება ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, ტრადიციულად, პირველი არხი შემოგთავაზებთ.
დღეს, ყატარისა და ეკვადორის ნაკრებების მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე 19:50 საათზე დაიწყება.
მანამდე იქნება „მოთელვა“ – 18:30 საათზე იხილავთ „ტაიმაუტს“ (წამყვანები – გიორგი თვალაბეიშვილი, ლუკა ჭოჭუა), ხოლო 19:35 საათზე „ტაიმაუტის ვიქტორინას“ (წამყვანები – გიორგი თვალაბეიშვილი, ქეთი ხატიაშვილი), რომლის გამარჯვებულებიც სხვადასხვა პრიზებს მიიღებენ.