დიდი დანაკლისია ქართული ფეხბურთისთვის - სფფ ილია კოკაიას გარდაცვალებას გამოეხმაურა #1TVSPORT
ქართულ საფეხბურთო სამყაროში ილია კოკაიას ტრაგიკულმა დაღუპვამ უდიდესი მწუხარება გამოიწვია.
ცნობილი ბიზნესმენისა და საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეზიდენტის გარდაცვალებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ილია კოკაიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო. მისი ტრაგიკული გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ფეხბურთისთვის“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.
ილია კოკაიას სახელს უკავშირდება საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ წარმატება. კლუბი 2010-11 და 2011-12 წლებში ზედიზედ ორჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამავე სეზონებში ზესტაფონურმა კლუბმა ქვეყნის სუპერთასის მოპოვება შეძლო. 2007-08 წლების სეზონში კი „ზესტაფონი” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლა.
ტრაგიკული შემთხვევა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3493 მეტრზე მდებარე დედაენის მწვერვალზე ლაშქრობისას მოხდა. ის გამოცდილი მთამსვლელი იყო, რომელსაც ბევრი ცნობილი მწვერვალი აქვს დალაშქრული და საქართველოს დროშა აღუმართავს. კოკაია ლაშქრობისას მძიმედ დაშავდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენაც ვერ მოხერხდა.