დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ბრიტანელ სამხედროებს მოუწოდებს, უკრაინაში საბრძოლველად და სელფების გადასაღებად ნუ გაემგზავრებიან
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ბრიტანელ სამხედროებს მოუწოდებს, უკრაინაში საბრძოლველად და სელფების გადასაღებად ნუ გაემგზავრებიან

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰეპი ბრიტანელ სამხედროებს მოუწოდებს, უკრაინაში საბრძოლველად და სელფების გადასაღებად ნუ გაემგზავრებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

ჯეიმს ჰეპის თქმით, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებიან, თუ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გაემგზავრებიან.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში სამხედროები ბრიტანულ კანონს დაარღვევენ.

„ადამიანებს ჰგონიათ, რომ რამდენიმე კვირით შეუძლიათ ჩასვლა უკრაინაში საბრძოლველად სელფების გადასაღებად „ინსტაგრამისთვის“ და სამშობლოში დაბრუნება, რაც არაა სწორი, რადგან უკრაინელები მათ გვერდით საბრძოლველად ჩასულ ადამიანებს ასე არ უყურებენ. ისინი ასე არ უნდა მოიქცნენ“, – განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.

ჯეიმს ჰეპის განცხადებით, ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების უკრაინაში საბრძოლველად ჩასვლა აჩენს საფრთხეს, რომ რუსეთი დიდ ბრიტანეთს ამ ომში მონაწილე მხარედ გამოაცხადებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს მოხალისეებს, რომლებსაც უკრაინაში გაემგზავრება სურთ. „სქაი ნიუსის“ ცნობით, რამდენიმე ბრიტანელი სამხედრო უკრაინაში საბრძოლველად უკვე გაემგზავრა. ლონდონი მათ სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.