დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთის მიერ ტაივანში შესაძლო შეჭრა მსოფლიო ვაჭრობას გაანადგურებს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთის მიერ ტაივანში შესაძლო შეჭრა მსოფლიო ვაჭრობას გაანადგურებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის თქმით, ჩინეთის მიერ ტაივანში შესაძლო შეჭრა მსოფლიო ვაჭრობას გაანადგურებს. როგორც ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება დაცული იმ შედეგებისგან, რომლებიც ტაივანში შესაძლო ომს მოჰყვება.

ბრიტანელი დიპლომატი ასევე გამოვიდა მოწოდებით, რომ ტაივანის გარშემო სტატუს კვოს ცალმხრივი ქმედებებით შეცვლა დაუშვებელია.

„მსოფლიოს საკონტეინერო გადაზიდვების ნახევარი გადის ამ მნიშვნელოვან სრუტეში. ეს გემები დატვირთულია პროდუქტებით, რომლებიც მიემართება ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ტაივანი არის აყვავებული დემოკრატია და გადამწყვეტ რგოლს წარმოადგენს გლობალური მიწოდების, განსაკუთრებით თანამედროვე მიკროჩიპების მიწოდების ჯაჭვში“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კლევერლის თქმით, ის, რომ ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და სხვაგანაც სამხედრო ინფრასტრუქტურას აძლიერებს და ამაში მსხვილ ინვესტიციებს აბანდებს, დიდ ბრიტანეთს აფიქრებინებს, რომ სიტუაცია, შესაძლოა, ყველაზე ნეგატიური სცენარით განვითარდეს.

მიუხედავად ამისა, ბრიტანელი დიპლომატი ამბობს, რომ ლონდონს სურს თანამშრომლობა ჩინეთთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში, რათა შეინარჩუნოს ღია, კონსტრუქციული და სტაბილური ურთიერთობები ჩინეთის გლობალური მნიშვნელობის გათვალისწინებით.