დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა თუ ნამდვილად სურს, მან ეს უნდა დაამტკიცოს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა თუ ნამდვილად სურს, მან ეს უნდა დაამტკიცოს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა ნამდვილად სურს, მან ეს უნდა დაამტკიცოს, – ამის შესახებ ლემიმ თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„სერიოზულად ხართ თუ არა განწყობილი მშვიდობის საკითხზე, ბატონო პუტინ? შეწყვეტთ ბრძოლას თუ საქმეს გააჭიანურებთ? თუ სერიოზულად ხართ განწყობილი, დაამტკიცეთ ეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით ახლავე“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დევიდ ლემის თქმით, უკრაინა სერიოზულად უყურებს მშვიდობის საკითხს, ხოლო რუსეთი „ცეცხლის შეწყვეტაზე მხოლოდ სიტყვით თანხმდება, მაშინ როცა უკრაინის დაბომბვას კვლავ განაგრძობს“.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თემთა პალატას ასევე განუცხადა, რომ ვერ ხედავს რაიმე ნიშანს იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებს დათანხმდება. თუმცა, მისი თქმით, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამ ხელი შეუწყო „ინსტრუმენტების მომზადებას რუსეთის სერიოზულ მოლაპარაკებებში ჩასართავად“.

„ჩვენ არ ველოდებით კრემლს. თუ ისინი უარს იტყვიან ცეცხლის შეწყვეტაზე, ჩვენ კიდევ გვაქვს კარტები, რომელთა გათამაშებაც შეგვიძლია“, – აღნიშნა ლემიმ.