დიდი ბრიტანეთი უკრაინის არმიის მომმარაგებელ კომპანიებს რუსეთის მხრიდან დივერსიული თავდასხმების საფრთხის შესახებ აფრთხილებს და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთი უკრაინის არმიის მომმარაგებელ კომპანიებს რუსეთის მხრიდან დივერსიული თავდასხმების საფრთხის შესახებ აფრთხილებს.
კერძოდ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო და კონტრდაზვერვის სამსახური MI5 იმ კომპანიებს აფრთხილებენ, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პირდაპირ ეხმარებიან.
უწყებებმა კომპანიებს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, ბოლო თვეებში რუსეთმა ევროპაში თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ ობიექტებზე დივერსიული თავდასხმების მცდელობები გაახშირა. გაფრთხილების თანახმად, მსგავსი ოპერაციებისთვის რუსეთი, როგორც წესი, შუამავლებს იყენებს, რომლებიც შედარებით მარტივ მეთოდებს მიმართავენ. უწყებების განცხადებით, სამიზნე შეიძლება, გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომელიც უკრაინის არმიისთვის სამხედრო ტექნიკას ან აღჭურვილობას აწარმოებს ან მათ ამარაგებს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მომდევნო ორი დღის განმავლობაში თავდაცვისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სექტორის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებს გამართავს, რათა მათ უსაფრთხოების საკითხებზე რეკომენდაციები მიაწოდოს.
დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრის, დენ ჯარვისის განცხადებით, ევროპაში დივერსიული თავდასხმების მცდელობები იმ საფრთხეების სიმწვავეს აჩვენებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა და მისი მოკავშირეები დგანან.
ლონდონის გაფრთხილებას რუსეთის საელჩო გამოეხმაურა. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ რუსეთს დიდ ბრიტანეთზე თავდასხმის არც გეგმა, არც მიზეზი და არც განზრახვა აქვს.