დიდი ბრიტანეთი: პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების შემდეგ, მთავრობას მწვავედ აკრიტიკებენ

13:11, 06.10.2026
ციხის თანამშრომლები პენიტენციური დაწესებულების დერეფნებში გადაადგილდებიან (საილუსტრაციო ფოტო)

ციხის თანამშრომლები პენიტენციური დაწესებულების დერეფნებში გადაადგილდებიან (საილუსტრაციო ფოტო)

გადატვირთული ციხეებიდან პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებას დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობის მისამართით მწვავე კრიტიკა მოჰყვა. იუსტიციის სამინისტრომ არ იცის, ხუთშაბათს გათავისუფლებული 700 მამაკაციდან რამდენს დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური. ამასთან, მონიტორინგის მოწყობილობებიდან მიღებულ ინფორმაციას პრობაციის ოფიცრები ხშირად მხოლოდ სამუშაო საათებში ეხმაურებიან. მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ აღნიშნული ხარვეზებს წლის ბოლომდე გამოასწორებს.

აღნიშნული საკამათო პროგრამა ლეიბორისტულმა მთავრობამ ციხეების გადატვირთულობის გამო ამუშავა.

ინგლისის ციხეებში მხოლოდ 1 500-მდე თავისუფალი ადგილია დარჩენილი, რაც წლის ბოლომდე საკმარისი არ იქნება. შექმნილი მდგომარეობის გამო, ერთ დღეში ვადაზე ადრე 700 პატიმარი გათავისუფლდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს სასჯელის ბოლომდე მოხდამდე კიდევ რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი.

მომავალი წლის შუა პერიოდისთვის, დამატებით 5 500-მდე პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლება იგეგმება, რომელთა შორის ლონდონის უდიდესი ციხის ტუსაღებიც იქნებიან. პირველ ეტაპზე, განთავისუფლება შეეხებათ პირებს, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთა არაუმეტეს 19 თვის ვადით აქვთ მისჯილი. მოგვიანებით, პროგრამა გავრცელდება 12 წლამდე ვადით მსჯავრდებულებზეც, რომლებმაც სასჯელის ნახევარი უკვე მოიხადეს.

დაზარალებულთა მხრიდან ზეწოლის ფონზე, მთავრობა პროგრამაში ცვლილებების შეტანას აპირებს – გასათავისუფლებელ პატიმართა რაოდენობას ამცირებს და უფრო მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს საპყრობილეში ტოვებს. მთავრობა ასევე ცდილობს, საზოგადოება დაამშვიდოს და ირწმუნება, რომ გათავისუფლებული პირები მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.

„ყველაზე თვალსაჩინო ინსტრუმენტი ელექტრონული მონიტორინგია, თუმცა პროგრამა ასევე მოიცავს ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებულ ზომებსა და გარკვეულ საქმიანობაზე შეზღუდვებს, როგორებიცაა, მაგალითად, საფეხბურთო მატჩებზე დასწრება ან ღამის ცხოვრებაში მონაწილეობა“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა, ალექს ნორისმა.

თუმცა, პრობაციის ბევრი ოფიცერი სისტემის ეფექტიანად მუშაობის შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს და ამის მიზეზად დროისა და დაფინანსების ნაკლებობას ასახელებს. გათავისუფლებული პატიმრების უმრავლესობას ელექტრონულ სამაჯურებს მხოლოდ მას შემდეგ უმაგრებენ, რაც ისინი ციხის გარეთ გარკვეულ დროს უკვე გაატარებენ. ბევრ მათგანმა, საცხოვრებლის დეფიციტის პირობებში, უბრალოდ, არ იცის, თუ სად უნდა წავიდეს. „აქედან გამოსულებს წასასვლელი არსად აქვთ, ამიტომ, ახალ დანაშაულს ჩადიან და ისევ ციხეში ბრუნდებიან“, – განაცხადა ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა პატიმარმა, ენდრიუ გასკინმა.

პოლიციამ კრიმინალის შესაძლო ზრდის შესახებ საზოგადოება უკვე გააფრთხილა. ამასთან, ბევრი დაზარალებული ჩივის, რომ დამნაშავეების ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ მათ არაფერი აცნობეს.

სტატიის ავტორი: კატარინა სედლაჩკოვა, ჩეხეთის ტელევიზია (CT- Česká televize)

ფოტოს ავტორი: ლუ ბენოა, საინფორმაციოს სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი, 2026 წელი, 19:56 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი