დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ირანთან ახალი შეთანხმების გაფორმებას აპირებენ
დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ირანთან ახალი შეთანხმების გაფორმებას აპირებენ

დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ირანთან ახალი შეთანხმების გაფორმებას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ საუბარია კომუნიკეში, რომელიც სამი ქვეყნის მთავრობის მეთაურის მიერ გამართული სატელეფონი საუბრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ხაზგასმულია 2015 წელს ირანთან დადებული ხელშეკრულების მნიშვნელობა, თუმცა ამავე დროს ნათქვამია, რომ მისი გაუმჯობესება შესაძლებელია.

„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა აშშ-ის ხელისუფლებასთან, რათა გადავჭრათ ირანთან დაკავშირებული პრობლემები. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არსებობს მომენტები, რომლებსაც არსებული შეთანხმება არ ფარავს და რომელთა გადაწყვეტაც მოგვიწევს, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. აგრეთვე ის, თუ რა მოხდება მოქმედი შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ, ასევე  ირანის დესტაბილიზაციური როლი რეგიონში“ – ნათქვამია საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერის ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ,  ირანთან ბირთვული შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელშეკრულების გადახედვას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლით იმუქრება.