დიდი ბრიტანეთი ჩაგოსის არქიპელაგის მავრიკისთვის გადაცემის შესახებ დონალდ ტრამპის კრიტიკას პასუხობს
დიდი ბრიტანეთი ჩაგოსის არქიპელაგის მავრიკისთვის გადაცემის შესახებ დონალდ ტრამპის კრიტიკას პასუხობს

დიდი ბრიტანეთი ჩაგოსის არქიპელაგის მავრიკისთვის გადაცემის შესახებ დონალდ ტრამპის კრიტიკას პასუხობს. მთავრობის განცხადებას Sky News-ი ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთი არასდროს წავა კომპრომისებზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

ჩაგოსის არქიპელაგის მავრიკისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან დიეგო-გარსიაზე მდებარე ბაზა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილებებმა ჩვენი პოზიცია შეასუსტა და მომავალში ბაზის ფუნქციონირებას ხელი შეუშლიდა“, – აცხადებენ ბრიტანეთის მთავრობაში.

ლონდონში ასევე აღნიშნეს, რომ ჩაგოსის არქიპელაგის გადაცემის შესახებ შეთანხმება „უზრუნველყოფს აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ბაზის ფუნქციონირებას დიეგო-გარსიაზე მრავალი წლის განმავლობაში“.

„ეს შეთანხმება საჯაროდ დაამტკიცეს აშშ-მა, ავსტრალიამ და სადაზვერვო ალიანსის, „ხუთი თვალის“ წევრმა ყველა სხვა მოკავშირემ, აგრეთვე მნიშვნელოვანმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ინდოეთმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ“, – განაცხადეს ბრიტანეთის მთავრობაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანამდე გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთი ინდოეთის ოკეანეში მდებარე დიეგო-გარსიის კუნძულის მავრიკისთვის გადაცემის გამო. ტრამპმა ეს არგუმენტად გამოიყენა იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ უნდა ფლობდეს გრენლანდიას შეერთებული შტატები.