დიდი ათის მეშვიდე ტური - "აკადემია" 18:19 "ჯიქი"
დიდი ათის მეშვიდე ტური - "აკადემია" 18:19 "ჯიქი"

 

დიდი ათის მეშვიდე ტურის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გორის “ჯიქი” და თბილისური “აკადემია” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის პირველი ლელო “ჯიქის” შუამარბმა მამუკა ნინიძემ მე-8 წუთზე დადო და თავადვე გარდასახა.

მეტოქის ლელოს ტაიმის დასრულებამდე აკადემიელთა ფულბეკმა სოსო მათიაშვილმა ოთხი ჯარიმით უპასუხა და პირველი ნახევარი მასპინძელთა ხუთქულიანი უპირატესობით 12:7 დასრულდა.

თამაშის მეორე ტაიმიც გორელების აქტიურობით დაიწყო. ლელო გიორგი მჭედლიშვილმა 44-ე წუთზე დადო და ანგარიში გაათანაბრა. 48-ე და 51-ე წუთებზე მათიაშვილმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და “აკადემიას” ექვსქულიანი უპირატესობა მოუტანა.

დაძაბული გამოდგა დაპირისპირების ბოლო მეოთხედი. 71-ე წუთზე ლელო გიორგი ჭყოიძემ დადო, მამუკა ნინიძემ გარდასახვა კვლავ ზუსტად დაარტყა და მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე გორის “ჯიქს” ერთქულიანი უპირატესობა მოუტანა.

ბოლო წუთზე “აკადემია” საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ უტევდა და მეტოქეს ჯარიმაც მიაღებინა, თუმცა დერეფანში ბურთის მოგება ვერ მოახერხეს და შეხვედრა გორის “ჯიქის” გამარჯვებით 18:19 დასრულდა.

შვიდი ტურის შემდეგ “აკადემიას” შვიდი მარცხი აქვს და 6 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.

გორის “ჯიქს” კი ოთხი გამარჯვებისა და სამი მარცხის შემდეგ 21 ქულა აქვს და მე-7 ტურის პირველი სათამაშო დღის შემდეგ სატურნირო ცხრილში გუნდი მეორე ადგილზეა.