„დიდი ათის“ მე-7 ტურის მეორე სათამაშო დღე
„დიდი ათის“ მე-7 ტურის მეორე სათამაშო დღე

“დიდი ათის” მეშვიდე ტურის პირველ სათამაშო დღეს მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც გორის “ჯიქმა” “აკადემია” 19:18 დაამარცხა. მეორე სათამაშო დღეს ორი დაპირისპირება შედგა.

დაძაბული გამოდგა პირველი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს “არმია” და “ხარები” დაუპირისპირდნენ.

მატჩის პირველი ლელო “არმიამ” მე-8 წუთზე დადო (მასხარაშვილი), თუმცა “ხარებმა” ლელო მალევე გაქვითეს (ბებიაშვილი, 11′). ტაიმის დასრულებამდე გუნდებმა ქულები ჯარიმებით მოიპოვეს, თუმცა დისციპლინაში “არმიელები” მეტს სცოდავდნენ და პირველი ტაიმი ხუთი ქულით დათმეს – 11:16.

მეორე ტაიმის 59-ე წუთზე “არმიამ” ანგარიში გაათანაბრა. ლელო ლევან ჭავჭავაძემ მოლის შემდეგ დაამიწა.

შეხვედრის ბოლო ათ წუთში “ხარები” დომინირებდნენ და მეტოქეს ორი ლელო დაუდეს (ნათელაშვილი 71′, ბერძული 73′). საბოლოო ანგარიში 16:28 რუსთაველთა სასარგებლოდ.

ძალზედ სანახაობრივი გამოდგა ქუთაისური დერბი. “აია” მატჩის დაწყებამდე სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებდა, ხოლო “ბაგრატი” კი ბოლოს.

პირველი ტაიმი შედარებით თანაბარ ორთაბრძოლაში მიდიოდა, თუმცა ფავორიტებმა მეტოქეს ორი ლელო მაინც დაუდეს (მოდებაძე 16′, მაჩალაძე 40′) და ტაიმი 13:0 მოიგეს.

შეხვედრის მეორე ტაიმში “აიამ” მეტოქეს ერთის პასუხად რვა ლელო დაუდო და შეხვედრა წლევანდელი სეზონისათვის სარეკორდო ანგარიშით 67:5 მოიგო.

საგულისხმოა, რომ “ბორჯღალოსნების” ახალწვეულმა მირიან მოდებაძემ მატჩში 5 ლელო დადო და საუკეთესო მელელოვეთა სათავეში თანაგუნდელ აბრამიძესთან ერთად მოექცა.

მეშვიდე ტურის ბოლო სათამაშო დღეს “ლოკომოტივი” “არმაზს” შეხვდება, “ლელო სარასენსი” კი “ბათუმს” დაუპირისპირდება.