„დიდი 10“-ის გამარჯვებული „ბათუმი“ გახდა
„დიდი 10“-ის გამარჯვებული „ბათუმი“ გახდა

„დიდი 10“-ის 2018-2019 წლების სეზონის გამარჯვებული „ბათუმი“ გახდა. ზღვისპირელებმა ფინალურ შეხვედრაში რუსთავის „ხარები“ ანგარიშით 36:11 დაამარცხეს. მატჩი, რომელიც „ბათუმი არენაზე“ გაიმართა, რუსთაველების მცირე უპირატესობით დაიწყო. კობა ბუჯიაშვილმა „ხარები“ მეოთხე წუთზე გატანილი ჯარიმით დააწინაურა. გაშვებული ჯარიმის შემდეგ ინიციატივა ბათუმელებმა მოიპოვეს და მამუკა ნინიძის 4 ზუსტი დარტყმის შედეგად, ანგარიშით 12:3 დაწინაურდნენ. 27-ე წუთზე ხვიჩა ბუჯიაშვილმა მეორე ჯარიმაც გაიტანა და ანგარიშში სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა. ჯარიმას „ბათუმმა“ ლელოთი უპასუხა – „ხარების“ ლელოში ანზორ სიჭინავამ შეაღწია, მამუკა ნინიძემ კი ზუსტად გარდასახა. პირველი ტაიმი მასპინძლების სასარგებლოდ, ანგარიშით 19:6 დასრულდა.

ბათუმელებმა კიდევ ერთი ლელო მეორე ტაიმის დასაწყისშივე მიითვალეს. ბურთი ზურაბ ერისთავმა დაამიწა. 49-ე წუთზე მასპინძლები რიცხვობრივ სიმცირეში დარჩნენ. მატჩის მთავარმა მსაჯმა, ნიკოლოზ ამაშუკელმა „ბათუმის“ მესამეხაზელი საბა შუბითიძე სინ ბინში გაუშვა, თუმცა რუსთაველებმა უპირატესობა ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ, „ხარებმა“ ლელოს დადება საბა შუბითიძის დაბრუნებიდან 4 წუთში მოახერხეს. მიზანს რუსთაველთა გარემარბმა, ლექსო მელიქიშვილმა უწია. ანგარიშში სხვაობა 13 ქულამდე შემცირდა. „ბათუმმა“ ლელოს ლელოთი უპასუხა, ხუთი ქულა გუნდს ნიკა ნინიძემ მოუტანა. ნიკა ამაშუკელმა ეპიზოდი ვიდეორეფერისთან გადაამოწმა და ლელო ჩათვალა. ნინიძემ მახვილი კუთხიდან გარდასახა. ბათუმელები 20 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო წუთზე ანზორ სიჭინავამ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 36:11.

„ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი 17-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა.