დიდ ბრიტანეთში შეზღუდვები 3 მაისამდე გახანგრძლივდება
დიდ ბრიტანეთში შეზღუდვები 3 მაისამდე გახანგრძლივდება

დიდ ბრიტანეთში კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები სულ მცირე სამი კვირით, 3 მაისამდე გახანგრძლივდება. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ამის შესახებ ქვეყნის პირველმა სახელმწიფო მდივანმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა.

„ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი სამოქმედო გეგმა მიმართულია კორონავირუსის გავრცელების შენელებისკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს დასჭირდეს საავდმყოფოში ერთდროულად მკურნალობა“, – განაცხადა დომინიკ რააბმა.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივნის თქმით, მთავრობა მეცნიერების რეკომენდაციებს თავიდანვე ითვალისწინებს და ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები მაქსიმალურად გაზარდა.

მან დაადასტურა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 13 729 შეადგინა და თითოეულ სიცოცხლეს უდიდესი დანაკარგი უწოდა.

ამასთან, დომინიკ რააბმა აღნიშნა, რომ არის ნიშნები, რომ სოციალური დისტანცირების ზომებს წარმატება მოაქვს, თუმცა ინფიცირების გავრცელება ჯერ არ შემცირებულა ისე, როგორც ეს საჭიროა.

„სოციალური დისტანცირების ნორმების ნებისმიერმა ცვლილებამ ახლა შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის რისკი შექმნას“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მდივანმა და აღნიშნა, რომ სოციალური დისტანცირების ზომების შემსუბუქებამ შესაძლოა, ქვეყანაში ეპიდემიის მეორე პიკი და მსხვერპლთა რიცხვის ზრდა გამოიწვიოს.