დიდ ბრიტანეთში რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ყველა ინდივიდუალურ თუ იურიდიულ პირს უცხოური გავლენის სისტემაში დარეგისტრირება დაევალა
დიდ ბრიტანეთში რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ყველა ინდივიდუალურ თუ იურიდიულ პირს უცხოური გავლენის სისტემაში დარეგისტრირება დაევალა

დიდი ბრიტანეთში სავალდებულო რეგისტრაცია მოსთხოვეს ყველას, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფოზე მუშაობს.

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთი, ირანის შემდეგ, გახდა რიგით მეორე სახელმწიფო, რომელსაც უცხოური გავლენის სისტემაში უმაღლესი კატეგორია მიენიჭა.

აღნიშნული სისტემის მიზანია, დაიცვას დიდი ბრიტანეთის დემოკრატია, ეკონომიკა და საზოგადოება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისგან.

უმაღლესი კატეგორია გახლავთ ინსტრუმენტი, რომელიც შემუშავებულია იმ უცხო ქვეყნების გავლენის გამოასააშაკრავებლად, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ინტერესებს საფრთხეს უქმნიან. მარტში ამ სიაში შეიყვანეს ირანი, ახლა კი ნუსხას უკვე რუსეთიც დაემატა.

შესაბამისად, დიდ ბრიტანეთში საკუთარი საქმიანობის დეკლარირება მოუწევს ყველას, ვინც დაკავშირებულია რუსულ ინსტიტუტებთან, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, პარლამენტთან, რუსეთის ყველა სამინისტროსა და უწყებასთან, ასევე სპეცსამსახურებთან. ამ მოთხოვნის უგულებელყოფა პატიმრობას გამოიწვევს.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის თქმით, ახალი მოთხოვნები იძლევა საშუალებას, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რაც ხელს შეუშლის რუსეთს დიდი ბრიტანეთის მიმართ მტრული ქმედებების გატარებაში.

ლონდონში აცხადებენ, რომ ეს ზომები მიღებელია რუსეთის მხრიდან მომდინარე მნიშვნელოვანი და მუდმივი საფრთხის საწინააღმდეგოდ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნახსენებია 2018 წელს ყოფილი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემთხვევა, ასევე საბოტაჟის, „ფიშინგისა“ და ჯაშუშობის შემთხვევები, რომლებშიც ბრალი რუსეთის ხელისუფლებას ედება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ რუსეთი ასევე დგას ბოლო დროს განხორციელებული დამანგრეველი კიბერთავდასხმების უკან.

ამასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ რუსეთი აგრძელებს არაპროვოცირებულ და უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის დასრულებაც რუსეთს ხვალაც კი შეუძლია, თუ გაიყვანს ჯარს უკრაინიდან.