დიდ ბრიტანეთში, RAF Molesworth-ის ბაზასთან აკრძალულ ადგილას შეღწევისა და დანაშაულებრივი ზიანის მიყენების ეჭვის საფუძველზე ლატვიის ორი მოქალაქე დააკავეს

19:56, 08.10.2026

დიდ ბრიტანეთში, RAF Molesworth-ის ბაზასთან ორი პირი დააკავეს. მედიის ცნობით, 36 და 32 წლის მამაკაცები ლატვიის მოქალაქეები არიან, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ.

თავდაპირველად თავდაცვის სამინისტროს პოლიციამ RAF Molesworth-სთან უსაფრთხოების პატრულირების დროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული ტრანსპორტი აღმოაჩინა და ჩხრეკა ჩაატარა, რა დროსაც ღობეზე მცირე დაზიანება შეამჩნიეს.

მედიის ცნობით, ოფიციალური უწყების წარმომადგენლებმა ორი მამაკაცი თავდაპირველად აკრძალულ ადგილას შეღწევისა და დანაშაულებრივი ზიანის მიყენების ეჭვის საფუძველზე, 8 ოქტომბერს, 02:00 საათზე დააკავეს.

გამოძიებას ლონდონის ანტიტერორისტული პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი RAF Fairford-ში მომხდარს ამ დროისთვის არ უკავშირდება.

„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ სამხედრო ობიექტების ირგვლივ ბოლო დროს გაზრდილ ინტერესსა და შეშფოთებას, თუმცა ამ ეტაპზე არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ინციდენტი გასულ კვირას RAF Fairford-ში მომხდარ მოვლენებს უკავშირდება“, – განაცხადა ლონდონის ანტიტერორისტული პოლიციის უფროსმა.

ცნობისთვის, მანამდე მსგავსი სიტუაცია ბრიტანეთის RAF Fairford-ის ბაზასთანაც შეიქმნა. პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც გირაოს  საფუძველზე გაათავისუფლეს.

მსგავსი