დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Swirl Wine Group-ი განახორციელებს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის ღონისძიებებს მარკეტინგული კომპანია Swirl Wine Group-ი განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე მიმდინარე წელს დეგუსტაცია-სემინარები სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედიაკამპანიები. საქართველოში მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ღვინის ტურები მოეწყობა.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანია Swirl Wine Group-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითად მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.