დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად ენდი ბარნემი აირჩიეს, ის ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება
დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად ენდი ბარნემი აირჩიეს, ის ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა განაცხადა, რომ ბარნემს პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყოლია. მისი განმარტებით, ლიდერობის კანდიდატს ჯერ პარლამენტის დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდებოდა, სულ მცირე, 20%. ბარნემმა 379 დეპუტატის ხმა მიიღო, რაც ამ ზღვარს აღემატებოდა. მეორე კანდიდატს კი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მედიის ცნობით, ამის შემდეგ ბარნემს პარტიასთან დაკავშირებული პროფესიული კავშირებისა და სოციალისტური ორგანიზაციების მხარდაჭერაც სჭირდებოდა. ბარნემს მხარი 11-ვე პროფესიულმა კავშირმა დაუჭირა.
სიტყვით გამოსვლისას ბარნემმა აღნიშნა, რომ მისი წინამორბედის, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით ლეიბორისტებმა „ყველაზე მძიმე მარცხიდან ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო გამარჯვებამდე გაიარეს გზა“.
ბარნემის განცხადებით, მისი პირველი ნაბიჯი ლეიბორისტული პარტიის კულტურის შეცვლა იქნება. მისივე თქმით, ის „ახალი პოლიტიკისკენ“ ისწრაფვის, რომელიც პრობლემების გადაჭრას დაეფუძნება.
„მე ავაშენებ ახალ პოლიტიკას – ქვეყანას ეს სჭირდება. ჩვენ ხშირად ვცდილობთ ერთმანეთზე უპირატესობის დამტკიცებას, მაგრამ ხალხს ეს არ სჭირდება. მათ სურთ, გავუმკლავდეთ რეალურ პრობლემებს. ეს არის ბოლო შანსი შესაცვლელად და ეს ერთად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ბარნემმა.