დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი თემატურ მოკვლევას იწყებს
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი თემატურ მოკვლევას იწყებს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი თემატურ მოკვლევას იწყებს საკითხზე – დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა.

მოკვლევის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ისაუბრა.

„მიმდინარე მიგრაციული პროცესების ანალიზისა და ქვეყნის განვითარების საქმეში ქართული დიასპორის აქტიური ჩართვის მიზნით, კომიტეტმა გაითვალისწინა საზოგადოების მაღალი ჩართულობა და საჯარო ინტერესი, მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილ საკითხზე თემატური მოკვლევის ჩატარება“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, თემატური მოკვლევა მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება. კომიტეტი თემატური მოკვლევის პროცესში აქტიურად ითანამშრომლებს სხვადასხვა დარგობრივ უწყებასთან, მათ შორის: საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურთან.

ბექა ოდიშარიამ თემატური მოკვლევის საქმეში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს და მის დირექტორს, ეკატერინე ქარდავას. ასევე, „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ (ICMPD) პროექტების მენეჯერს, ქეთი გორგოშიძეს.

საკითხის თანამომხსენებელმა, ქეთი გორგოშიძემ დეპუტატებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. მისი თქმით, ორგანიზაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ახორციელებს.

„დიდი ხანია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან გვაკავშირებს წარმატებული თანამშრომლობა. განხორციელებული გვაქვს საერთო პროგრამები. მოხარული ვარ, რომ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მოგვეცა“, – აღნიშნა ქეთი გორგოშიძემ.

მისი თქმით, დიასპორის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტი ანალიტიკურ დოკუმენტზე მუშაობს, სადაც განხილული იქნება მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით ზოგადი სიტუაცია საქართველოში, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკა და სტრატეგია დიასპორასთან მიმართებაში. განხილული იქნება დიასპორის ჩართულობის პროგრამები. ექსპერტი ასევე მიმოიხილავს მიგრაციის სტატისტიკას საქართველოში და რეგიონული ტენდენციებს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.