დი მარია - საფრანგეთში კონკურენცია არ არის? შეხედეთ ინგლისის ჩემპიონატსა და „ლივერპულს“
დი მარია - საფრანგეთში კონკურენცია არ არის? შეხედეთ ინგლისის ჩემპიონატსა და „ლივერპულს“

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ საფრანგეთის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა. არგენტინელი ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი ევროპაში სხვა ქვეყნების პირველობას არაფრით ჩამორჩება, მაგალითად პრემიერლიგას.

„ლიგა-1 მნიშვნელოვნად შეიცვალა. ვფიქრობ, რომ ის ყოველ წელს სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება, – ციტირებს დი მარიას Goal.com.

– გუნდები სულ უფრო ძლიერდებიან, უკვე რთულია მათი დამარცხება. აქ ჩემი პირველ ორ სეზონში ვერ ვიტყვი, რომ ადვილად ვიმარჯვებდით, მაგრამ გუნდები ისეთი ძლიერები არ იყვნენ, როგორც დღეს.

ბევრმა კლუბმა ისწავლა „პსჟ“-ს წინააღმდეგ თამაში, მაგალითად „ლიონმა“, „მარსელმა“, ეს კი ტურნირს ზრდაში ეხმარება.

ბევრი ამბობს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი სხვაზე სუსტია, მაგრამ შეხედეთ სხვა ქვეყნების პირველობას, მაგალითად შეხედეთ ინგლისს!„ლივერპულმა“ ყველას კილომეტრებით გაასწრო. დიახ, აქ შედარებით ცოტა ვარსკვლავი თამაშობს, მაგრამ კონკურენცია ძალიან მაღალია“.