დი მარია, ძანიოლო და კიდევ 10 ფეხბურთელი იტალიაში არალეგალური ფსონების საქმის გამოძიებაში ფიგურირებენ #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს მოქმედი თუ ყოფილი 12 ფეხბურთელი ჩადიოდა ფსონებს არალეგალურ პლატფორმებზე.
გაზეთ Corriere della Sera-ს მონაცემებით, ნიკოლო ფაჯოლისა და სანდრო ტონალის საქმის გამოძიებისას შემოწმდა ამ ორი ფეხბურთელის მიმოწერები სოციალურ ქსელებში. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ არალეგალურ პლატფორმებზე ფსონებს დებდა იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე მინიმუმ 12 ფეხბურთელი.
გამოძიება ირწმუნება, რომ 2021 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე არალეგალურ ტოტალიზატორში თამაშობდნენ ალესანდრო ფლორენცი, ნიკოლო ძანიოლო, მატია პერინი, უესტონ მაკენი, ლეანდრო პარედესი, ანხელ დი მარია, რაულ ბელანოვა, სამუელე რიჩი, კრისტიან ბუონაიუტი, მატეო კანჩელიერი და ხუნიორ ფირპო.
აღნიშნავენ, რომ დასახელებული ფეხბურთელები არ დებდნენ ფსონებს საფეხბურთო მატჩებზე. ძირითადად, ისინი პოკერს ან ონლაინ-სლოტებს თამაშობდნენ.
შეგახსენებთ, რომ ფაჯოლი 2023 წლის ოქტომბერში შვიდი თვით იქნა დისკვალიფიცირებული საფეხბურთო მატჩებზე ფსონების გამო. ტონალიმ 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა „მილანის“ მატჩებზე ფსონების გამო. ის ამ გუნდში თამაშობდა 2023 წლის ზაფხულამდე, რის შემდეგაც „ნიუკასლში“ გადავიდა.