დი ლორენცო - ჩემპიონატში „მილანთან“ წავაგეთ, მაგრამ ხვალ სხვაგვარი თამაში იქნება #1TVSPORT
„ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სერია A-ში „სტადიო მარადონაზე“ მილანელებთან მარცხი (4:0) წარსულს ჩააბარეს.
„ჩემპიონატში ჩვენს ბოლო მატჩზე ძალიან ბევრი იყო საუბარი, რომელიც 4:0 წავაგეთ. ეს შეხვედრა მწვრთნელთან გავაანალიზეთ. ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის კონტექსტის გათვალისწინებით, ხვალ დიდ და ძალიან მაღალი დონის გუნდთან ვთამაშობთ. შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ და მზად ვართ მოედანზე გასასვლელად, რაშიც ფსიქოლოგიურად „ლეჩესთან“ გამართულის მატჩის მოგება დაგვეხმარება.
რაფაელ ლეაო? ის არის ძლიერი, მაღალი დონის მოთამაშე და მთელ გუნდს მოგვიწევს, თვალყური ვადევნოთ. თუმცა, ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება მთელ გუნდს და არა მხოლოდ მას, რადგან „მილანში“ ინდივიდუალურად ძლიერი ბევრი სხვა მოთამაშეა. ბოლო მატჩი წავაგეთ, მაგრამ ამაზე არ ინერვიულოთ, ხვალ სხვა მატჩი იქნება და სხვაგვარად ვითამაშებთ.
„ლეჩესთან“ სტანდარტულებით მოვახერხეთ მწვავე მომენტების შექმნა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისეთ რთულ მატჩებში იქნება, როგორიც ხვალ გველის. შევეცდებით მსგავსი უპირატესობები ხვალაც გამოვიყენოთ“, – ამბობს ჯოვანი დი ლორენცო.
ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის „სან სიროზე“ 12 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.