დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 15-ის მდგომარეობა მძიმე, სამის კი კრიტიკულია
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 15-ის მდგომარეობა მძიმე, სამის კი კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 251 პაციენტიდან სამის მდგომარება კრიტიკულია, 15-ის კი მძიმედ ფასდება.

„დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 251 დადასტურებული შემთხვევა, მათგან რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სამი კრიტიკული, ხოლო 15 მძიმე პაციენტი მკურნალობს. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუაოლო და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ახალი შემთვევებიდან კლინიკას ექვსი პაციენტი დაემატა. მისივე ინფორმაციით, ინფექციურში მყოფი 13 კოვიდინფიცირებულიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, კიდევ ერთი მძიმედ ფასდება, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ჩვენს ცენტრში გუშინ ცხრა დადასტურებული შემთხვევა გვყავდა. გამოჯანმრთელდა ორი. დაგვემატა ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, ინფექციურში 13 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ერთი მძიმედ ფასდება, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი.