დღეს საქართველოს ნაკრები ანდორას დაუპირისპირდება | ერთა ლიგა
დღეს საქართველოს ნაკრები ანდორას დაუპირისპირდება | ერთა ლიგა

„ერთა ლიგის“ მეხუთე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ანდორას ესტუმრება. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გუნდების პირველი დაპირისპირება 13 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა და საქართველომ 3:0 მოიგო (ყაზაიშვილი – 33, 84; კანკავა – 90+4).

საგულისხმოა, რომ საქართველომ ვადამდე გაინაღდა ჯგუფში პირველი ადგილი. ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელიც და მოთამაშეებიც ერთხმად აცხადებენ, რომ დარჩენილი მატჩების მოგება და ჯგუფის ას პროცენტიანი შედეგით დასრულება სურთ.

ამ ყველაფერს მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში გასული ოთხი გუნდი ქულებისა და რეიტინგის მიხედვით დაწყვილდება. ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს ასე შეხვდებიან – რეიტინგით პირველი მეოთხეს, მეორე კი მესამეს. ამ კუთხით საქართველოს საუკეთესო ქულათა მარაგი გააჩნია. როგორც ვთქვით, „ჯვაროსნები“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც დროზე ადრე გაინაღდა პლეიოფში თამაში და ჯგუფის გამარჯვებული გახდა.  ფინალური შეხვედრის მასპინძლის ვინაობას კენჭისყრა გამოავლენს.

სხვა ჯგუფებში დაძაბული სიტუაციაა და გამარჯვებული ბოლო ტურში გამოვლინდება. მეორე ჯგუფს, 9 ქულით, ლუქსემბურგი ლიდერობს, ხოლო ბელარუსს კი 8 ქულა აქვს. მესამე ჯგუფის პირველ ადგილოსანი კოსოვოა (9 ქულა). მეორე ადგილზე, 6 ქულით, აზერბაიჯანია. დაძაბული ვითარებაა D დივიზიონის მეოთხე ჯგუფში, სადაც პლეიოფში გასვლის შანსს ერთდროულად სამი გუნდი ინარჩუნებს – მაკედონია (9), გიბრალტარი (6) და სომხეთი (6).

ერთა ლიგის ფინალის კენჭისყრა 2018 წლის 3 დეკემბერს გაიმართება.