დღეს საფრანგეთთან ფინალის ტოლფასი მატჩია - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
დღეს საფრანგეთთან ფინალის ტოლფასი მატჩია - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრები თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში ემზადებიან და ელიან საფრანგეთთან შეხვედრას, რომელმაც მათი და ქართული ფუტსალის ბედი, შესაძლოა, სრულიად შეცვალოს.

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებში ავთანდილ ასათიანის გუნდი 9 აპრილს საკუთარ მოედანზე საფრანგეთს უმასპინძლებს, 12 აპრილს კი, სტუმრად რუსეთს დაუპირისპირდება. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 20 მოთამაშე გამოიძახა. მაგრამ ტრავმირებული ნიკა კურტანიძე და სიმი საიოტის შემდეგ, გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, ბელარუსულილიდსელმაშ-ლიდას“ შემტევი არჩილ სებისკვერაძეც ვერ დაეხმარება. ამის მიუხედავად, სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები იმედიანად არიან, რომ ქართული ფუტსალის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატების ფურცელს ჩაწერენ.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია, ბექა ტყემალაძე (ორივე თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: თემურ ეკიზაშვილი, შოთა თოფურია, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ ჯვარაშვილი (ყველა – თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ფუმასა (მუვუ, ლილი, საფრანგეთი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), ვახტანგ კეკელია (ნურსულთან, ყაზახეთი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა), ბრუნო პეტრი (სალა გარსია, ბარსელონა, ესპანეთი)

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჩატარებული ოთხი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შვიდი ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა, ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს ნიდერლანდები უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს კი აქვს რეალური შანსი, ექვს საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდეს და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ მატჩზე გულშემატკივარი დაუშვეს და ტრიბუნების 30 პროცენტი შეივსება. საქართველოსა და საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.