ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - ბიჭებს საკუთარი ძალების რწმენა აქვთ #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანმა საფრანგეთთან ევროშესარჩევის მატჩამდე არსებულ დანაკლისზე ილაპარაკა. ამავე დროს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იმედი გამოთქვა, რომ გუნდი წარმატებას მაიღწევს.
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩში ავთანდილ ასათიანის გუნდი 9 აპრილს საკუთარ მოედანზე საფრანგეთს უმასპინძლებს, 12 აპრილს კი, სტუმრად რუსეთს დაუპირისპირდება. ტრავმის გამო, გუნდს ალექსანდრე ჯამბურია, ნიკა კურტანიძე, სიმი საიოტი და არჩილ სებისკვერაძეც ვერ დაეხმარებიან.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჩატარებული ოთხი შეხვედრის შემდეგ, ჩვენს გუნდს შვიდი ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მშვენიერი შანსი გააჩნია.

„სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს დააკლდებიან კურტანიძე და სებისკვერაძე. განსაკუთრებით მარცხენა ფლანგის მოთამაშის დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ეს სამი დღე იმისთვის გამოვიყენეთ, რომ ტაქტიკურად მათი ჩანაცვლება მოვახერხოთ. ასე რომ, ვფიქრობ, საფრანგეთთან მატჩისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი მეტოქეებსა და გუნდის მიზანზეც გააკეთა.
„რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, უკვე კარგად ვიცნობთ, ისევე როგორც ისინი – ჩვენ. ჯერ რუსეთთან მატჩზე არ ვფიქრობთ, რადგან 9 აპრილს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა. მთავარია, რომ ჩვენ დასკვნით ეტაპამდე, ფინალამდე მისვლა ვისწავლეთ, მოგება კი შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებას მოგვცემს. ეს კარგია, რადგან ბიჭებს უკვე საკუთარი ძალების რწმენა აქვთ და ფსიქოლოგიური ბარიერი დავძლიეთ. დაგვრჩა ორი მატჩი, ორი ფინალი, რომელშიც, ვიცი, რომ ბიჭები თავს არ დაზოგავენ. მწვრთნელებმაც მაქსიმალურად ვიმუშავეთ, რომ მოთამაშეებს ის მიმართულება მივცეთ, რაც მოგებამდე მიგვიყვანს“, – აცხადებს ასათიანი.

ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა, ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს ნიდერლანდები უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს კი აქვს რეალური შანსი, ექვს საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდეს და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ მატჩზე გულშემატკივარი დაუშვეს და ტრიბუნების 30 პროცენტი შეივსება. საქართველოსა და საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.