დღეს საფეხბურთო სეზონი სუპერთასით გაიხსნება- „დინამო“ უხერხულ სათასო მეტოქეს, „გაგრას“ შეხვდება
დღეს საფეხბურთო სეზონი სუპერთასით გაიხსნება- „დინამო“ უხერხულ სათასო მეტოქეს, „გაგრას“ შეხვდება

დღეს, 21 თებერვალს საქართველოში საფეხბურთო სეზონი იწყება. პირველი მატჩით, პირველი ტიტულის მფლობელი გაირკვევა. სუპერთასისთვის ბრძოლაში ერთმანეთს გასული სეზონის ჩემპიონი „დინამო თბილისი“ და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა „მიხეილ მესხი არენაზე“ გაიმართება. გუნდებმა წინასასეზონო შეკრება დაასრულეს და ახალ სეზონს კვირას გასამართი სუპერთასის მატჩით გახსნიან.

„გაგრა“

„გაგრა” გასულ სეზონში საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა: გუნდმა ფინალამდე ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა, პენალტების სერიაში აჯობა გორის „დილასა“ და „საბურთალოს“, ფინალში კი წყალტუბოს „სამგურალი“ პენალტების სერიით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „გაგრას“ თასის ეგიდით არც ერთი (!) გოლი არ გაუშვია. აქვე ვთქვათ, რომ გუნდი ლიგა 1-ში გადასასვლელ ორრაუნდიან მატჩში ქუთაისის „ტორპედოსთან“ დამარცხდა (0:2, 1:1).

გაგა კირკიტაძის გუნდმა ახალი სეზონისთვის შემდეგი მოთამაშეები დაიმატა: დავით საჯაია (სიონი), გურამ სამუშია (თელავი), ლუკა კიკაბიძე (ჩიხურა}, დავით იონანიძე (ტორპედო), თორნიკე მუმლაძე (კოლხეთი), თემურ მარკოზაშვილი (დილა) და სანდრო შეწირული (არაგვი). გუნდმა შეკრება საქართველოში გაიარა და რამდენიმე სპარინგ-მატჩი გამართა. აღსანიშნავია გამარჯვება თბილისის „ლოკომოტივთან“ – 3:0.

„დინამო“

„დინამო თბილისისმა“ შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც რვა ამხანაგური მატჩი ჩაატარა – ორი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ხუთში კი დამარცხდა.

„დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – გიორგი ნემსაძე. გუნდში ასევე არიან ახალწვეულები კარლოს კასტრო (მალიორკა), ზორან მარუშიჩი (გროდნოს ნემანი), მილან რადინი (ინჯია), ლევან წოწონავა (მარტვილის მერანი), ფაბიან სპორქსლეიდი (უკლუბო)

„დინამომ“ გასულ სეზონში ჩემპიონის ტიტული 18-ედ მოიპოვა. თბილისელებმა მეორეადგილოსან ბათუმის „დინამოს“ 4 ქულით აჯობეს და ჩემპიონობა დამაჯერებლად მოიპოვეს.

ურთიერთშეხვედრები

„გაგრა“ და თბილისის „დინამო“ აქამდე ოფიციალურ მატჩებში ერთმანეთს 13-ჯერ შეხვდნენ – 9 ჩემპიონატის ეგიდით ჩატარდა, ოთხჯერ კი გუნდები ერთმანეთს თასის გათამაშებაში დაუპირისპირდნენ.

„დინამოსა“ და „გაგრას“ ურთიერთშეხვედრები ეროვნულ ჩემპიონატში სულ ცხრა მატჩს ითვლის. შვიდი შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი მატჩი ფრედ მორჩა და ერთიც (სადებიუტო, 2008 წლის 14 სექტემბერს) „გაგრამ“ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 17:4 „დინამოს“ სასარგებლოდაა.

„დინამოს“ დიდი უპირატესობა აქვს ჩემპიონატში. სამაგიეროდ, სათასო ორი მატჩიდან ორივე „გაგრამ“ მოიგო. 2011 წელს ¼-ფინალში „გაგრამ“ პენალტების სერიაში იმარჯვა და საბოლოოდ, იმ წელს ყიფიანის სახელობის თასსაც დაეუფლა. 2018 წელს უკვე ნახევარფინალურ სტადიაზე „გაგრამ“ პირველ დამატებულ ტაიმში გაიტანა და ფინალშიც გავიდა – 1:0.

ორივე გუნდი ზაფხულში ევროტურნირებზე ჩაერთვება – „გაგრა” კონფერენს ლიგის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, „დინამო“ კი – ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

21 თებერვალს „მიხეილ მესხი არენაზე“ საქართველოს სუპერთასის საიუბილეო, მეოცე გათამაშებაა. „დინამო თბილისისა“ და „გაგრას“ მატჩი 18.00 საათზე დაიწყება. ეპიდრეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.