დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება
დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება

საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ბიუროზე სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ.

„პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განვიხილავთ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივას, მათ შორის არის მთავრობის ახალი ინიციატივა, ახალი კანონპროექტი შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის, სადაც განისაზღვრება მათი ხელმისაწვდომობის ძირითადი პრინციპები და მექანიზმები სხვადასხვა მიმართულებით.

ასევე, მოსაკრებლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ვიმსჯელებთ. არის ასევე სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის ოპოზიციური ფრაქციებიდან მომართვები სხვადასხვა კომიტეტებში გაწევრინებასთან დაკავშირებით.

ბიუროს სხდომაზე სასესიო კვირაში განსაზღვრული მინისტრის საათის ფარგლებში ფინანსთა მინისტრის მოსვლის დღე განისაზღვრება“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში მოუსმენენ პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტზე საპროკურორო საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატ ირაკლი შოთაძეს. ამის შემდეგ კი, პროცედურის მიხედვით, სესიაზე ეყრება კენჭი გენერალური პროკურორის პოსტზე მისი არჩევის საკითხს.