დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი გაიმართება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი გაიმართება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს და მოწმეებს მოუსმენენ.

71 წლის ნეთანიაჰუ სამ სხვადასხვა საქმეში ფიგურირებს. მას ქრთამის აღებასა და თაღლითობაში სდებენ ბრალს. თავად ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

პრემიერ-მინისტრის სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები და ასევე მარტში გამართული ვადამდელი არჩევნები იყო.

კენჭისყრის შედეგად, რომელიც ისრაელში ბოლო ორი წელიწადში უკვე მეოთხედ ჩატარდა, ვერც ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა ოპონენტებმა ვერ შეძლეს იმ რაოდენობის ხმების მიღება, რაც მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მეხუთედაც დაინიშნოს.