დღეს ჩვენი ტელევიზიის დაბადების დღეა - პირველი ტელემაუწყებლობიდან 66 წელი შესრულდა
დღეს ჩვენი ტელევიზიის დაბადების დღეა - პირველი ტელემაუწყებლობიდან 66 წელი შესრულდა

საქართველოში პირველი ტელემაუწყებლობიდან 66 წელი შესრულდა. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ორ ტელეარხს – პირველი არხი, ტელესკოლა; ორ რადიოს – საქართველოს რადიო, საქართველოს რადიო მუსიკა; ონლაინ პლატფორმას 1tv.ge და არაერთ ციფრულ პროდუქტს აერთიანებს.

პირველი არხი ბაზარზე ქართული გადაცემებისა და პროექტების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და ყოველწლიურად მნიშვნელოვან კონტრიბუციას დებს ქართულ კრეატიულ სექტორსა და ეკონომიკაში.

„ყოველი წელი შეძენილი გამოცდილებაა, რაც წინსვლისა და განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. დღეს პირველი ტელემაუწყებლობიდან 66 წელი შესრულდა, ტელევიზიის დაბადების დღეს მაუწყებლის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ერთად აღვნიშნავთ. ვფიქრობ, ემოციური და სასიამოვნო საღამო გამოვა, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.  გილოცავთ ახალ წელს, პირველი არხი არის იქ, სადაც საქართველოა“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს ტელევიზიის პირველი გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. თავდაპირველად, გადაცემები კვირაში სამჯერ, ორი საათის განმავლობაში გადაიცემოდა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2013 წელს საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას და მთაწმინდის პარკში, ტელეანძის მიმდებარედ სახელობითი ვარსკვლავები გაუხსნა ლეგენდარულ ტელესახეებს: ალექსანდრა მაჭავარიანს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელს, თენგიზ ნათაძეს, დავით სოკოლოვს, ირინა მათიაშვილის, თინა მგალობლიშვილისა და ირმა გურიელს.