დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება
დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება

საქართველოში დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებები იგეგმება როგორც საქართველოს დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

ერთ-ერთი მთავარი იქნება საქართველოს პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში დაგეგმილი ღონისძიება, რომლის მონაწილეებსაც სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიმართავს.

ვაკის პარკში 12:00-დან 18:00 საათამდე დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები. იქნება კონცერტები, საცირკო სანახაობა, თოჯინების თეატრი, დრამერებისა და ანიმატორების შოუ, განთავსდება კონტაქტური ზოოპარკი, საბავშვო გამომცემლების კუთხე, საპნის ბუშტების შოუ და ასევე კუთხე ორიგამებით მუშაობისთვის. მთელი დღის განმავლობაში ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები.

გარდა ამისა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ, 13:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება სასახლის აღსაზრდელების კონცერტი. ასევე, გამგეობები თავიანთ გამგეობებში გეგმავენ სხვადასხვა ღონისძიებებს.

დღესვე, 2008 წლის აგვისტოს ომში და საბრძოლო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს ანსამბლი „ერისიონი“ უმასპინძლებს. ანსამბლის წევრები ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღეს მიულოცავენ და მათთვის კონცერტს გამართავენ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ხატვის ფესტივალით აღნიშნავს.

აღსანიშნავია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პირველი ივნისთან, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამინისტროს სისტემაში შემავალ ყველა მუზეუმში ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის შესვლა უფასო იქნება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააარსა. ეს დღე 1950 წლიდან პირველ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის.