დღეს, 20:00 საათზე - საქართველო-კოსოვოს მხარე საქართველოს პირველ არხსა და საქართველოს რადიოს ეთერში #1TVSPORT
დღეს, 20:00 საათზე - საქართველო-კოსოვოს მხარე საქართველოს პირველ არხსა და საქართველოს რადიოს ეთერში #1TVSPORT

ჩაკვეტაძის დაბრუნებისა და წიტაიშვილის დებიუტის მოლოდინში

დღეს, საქართველოს ნაკრები შემოდგომის პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი ბათუმის ახალ არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში კოსოვოს მხარეს დაუპირისპირდება.

 

კოსოვოს ხუთელი დააკლდა

კოსოვოს ნაკრები ბათუმში 1 სექტემბერი დილით ჩამოფრინდა და როგორც გუნდის მწვრთნელმა, ბერნან შალანდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შემადგენლობის მხრივ სასურველი მდგომარეობა არ აქვთ.

„ბათუმი არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ტრავმირებულები ახსენა – მისი თქმით, კოსოვოს არ ეყოლება ინგლისის პრემიერლიგის „ნორვიჩის“ თავდამსხმელი მილოტ რაშიცა, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის ადმინსიტრაციამ საქართველოში არსებულ კოვიდმდგომარეობის გამო არ გამოუშვა.

კოსოვოელებს ასევე არ ეყოლებათ ნახევარმცველები – ფრანგული „რეიმსის“ 26 წლის მოთამაშე არბერ ზენელი და შვეიცარიულ „ბაზელის“ წევრი ედონ ჟეგროვა. ორივე მათგანი ტრავმირებულია. ბოლო წამს გაირკვა, რომ კოსოვოელებს ვერც ბერსანტ სელინა დაეხმარებოდა, რომელიც სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლო დღეს „იფსვიჩ თაუნში“ გადავიდა. ანალოგიური მიზეზით გუნდს ლირიმ კასტრატიც დააკლდა, რომელმაც ზაგრების „დინამო“ ვარშავის „ლეგიაში“ გაცვალა.

შესაძლოა, ამ ორი ფეხბურთელის ტრანსფერების გამო ილაპარაკა ბერნარ შალანდმა პრესკონფერენციაზე, რომ გუნდს დაელაპარაკება, მენტალიტეტია შესაცვლელი და ა.შ. ის ფეხბურთელებით აშკარად გაღიზიანებული ჩანდა.

 

საქართველოს ნაკრები

„ჯვაროსნებმა“ შეხვედრისთვის მზადება ფოთში დაიწყეს, სადაც ორი დღე ივარჯიშეს, პირველ სექტემბერს კი ვილი სანიოლის გუნდმა ბათუმში გადაინაცვლა და სამატჩო მზადება ახალ არენაზე დაასრულა.

გუნდში ორი იძულებითი ცვლილება მოხდა. ნაკრებს სექტემბრის მატჩებში ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება, რომელიც ოდესის „ჩერნომორეცის“ თავდამსხმელმა გიორგი წიტაიშვილი ჩაანაცვლა.

გაირკვა, რომ ტრავმირებული იყო ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია, რომლის ნაცვლადაც მისივე თანაგუნდელი, ასევე დებიუტანტი გიორგი ზარია მიიწვიეს.

მატჩის წინა დღეს კი ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა კიდევ ერთი არასასიამოვნო სიახლე გაავრცელა – ვარჯიშზე საბა ლობჟანიძე დაშავდა. არადა, თურქული „ჰატაისპორისთავადმსხმელმა თურქეთის ჩემპიონატის საწყის სამ ტურში სამი გოლი გაიტანა და მშვენიერ ფორმაში იყო.

ამის მიუხედავად, ვილი სანიოლი იმედიანადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ გუნდი სამი ქულის მოპოვებას მოახერხებს. იმედის საფუძველს ნაკრებში დიდი ხნის შესვენების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება და გიორგი წიტაიშვილი დებიუტი გვაძლევს.

საქართველოსა და კოსოვოს მხარის ნაკრებთა დაპირისპირება 2 სექტემბერს, 20:00 საათზე ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კოსოვოს მხარის საფეხბურთო ნაკრებთან დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმში გასამართი სპორტული ღონისძიება არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს მხარის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას და/ან ცნობას.