ვილი სანიოლი - მამარდაშვილის პროგრესი მახარებს, თუმცა სასაყვედურო არც ლორიასადმი მაქვს #1TVSPORT
ვილი სანიოლი - მამარდაშვილის პროგრესი მახარებს, თუმცა სასაყვედურო არც ლორიასადმი მაქვს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ „ბათუმი არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და კოსოვოს მხარის ნაკრებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

  • დასანანია, შეხვედრა მაყურებლის გარეშე რომ ჩაივლის, მაგრამ რეგულაციებს ანგარიში უნდა გავუწიოთ. ესპანეთთან მატჩი? ახლა მხოლოდ კოსოვოს ნაკრებზე ვფიქრობთ. ეს კარგი გუნდია და კარგი შემადგენლობა ჰყავს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
  • ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა აწუხებს და ორი თამაში გამოტოვა. ნაკრების სიაში იმ იმედით შევიყვანეთ, რომ გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ფოკუსირებული იმ მოთამაშეებზე ვარ, რომლებიც ამ მომენტისთვის ჯანმრთელად არიან.
  • შეკრებაზე იდეალური ვითარება ყოველთვის არაა. შორს ბევრი ფეხბურთელი თამაშობს და ჩამოსასვლელად დრო სჭირდებათ. მაგალითად, ყაზაიშვილი სამშაბათს ჩამოვიდა. მისი გამოძახება მარტშიც და ივნისშიც მსურდა, მაგრამ სამხრეთკორეული რეგულაციების გამო ეს ვერ მოხერხდა. ის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ყოველთვის გათვალისწინებული მყავდა. რაც შეეხება კაშიას, კიტეიშვილსა და ხოჭოლავას, მათ ინდივიდუალურად იმიტომ ივარჯიშეს, რომ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდათ.
  • მოხარული ვარ, რომ მამარდაშვილს პროგრესი აქვს. 20 წლისაა და „ვალენსიას“ ძირითადში ზედიზედ სამი მატჩი ჩაატარა. მეორე მხრივ, გიორგი ლორია დამაჯერებელია და მის მიმართ სასაყვედურო არ გვქონია. თუ მამარდაშვილი პროგრესს გააგრძელებს და „ვალენსიაში” ადგილს შეინარჩუნებს, ეს ნაკრებში კონკურენციას გაზრდის. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ლაზარე კუპატაძე და გიორგი მაკარიძეც. ასე რომ, ამ პოზიციაზე პრობლემები არ გვაქვს.

  • 25-ვე ფეხბურთელი კლუბში სისტემატურად რომ თამაშობს, ეს მთავარი მწვრთნელისთვის კარგია. ჩვენ გვყავს გიორბელიძე, ვისაც დრეზდენის „დინამოში” ჯერ არ უთამაშია, აბურჯანიას ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ისინი მაინც გამოვიძახეთ. თუმცა სათამაშო პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.
  • რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ბოლოს ბევრი არ უთამაშია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დაბრუნდა და სათამაშო პრაქტიკა აქვს. გვესმის, 100 პროცენტით მზად ახლა ვერ იქნება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებს შეუერთდეს და თამაშით ისიამოვნოს.
  • გიორგი წიტაიშვილი ბევრს არ თამაშობდა კიევის „დინამოში“, გუნდი შეიცვალა და ახლა მეტი პრაქტიკა აქვს. ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯი გადავდგით, როცა ის ნაკრებში მოვიწვიეთ. მისი პროფილის ბევრი ფეხბურთელი ნამდვილად არ გვყავს…