დღეიდან მაუწყებლებს ეკისრებათ ვალდებულება, არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამები ეთერში მხოლოდ საღამოს ან ღამის საათებში განათავსონ
დღეიდან მაუწყებლებს ეკისრებათ ვალდებულება, არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამები ეთერში მხოლოდ საღამოს ან ღამის საათებში განათავსონ

კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, მშობლებს საფრთხეების შემცირების მექანიზმს აძლევს.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, დღეიდან მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს, შეზღუდონ ისეთ ვებგვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა წესები, რომლის მიხედვითაც იმ ვებგვერდებს, რომლებსაც განთავსებული აქვთ ფილმები, ანიმაციური ფილმები, სერიალები, პროგრამები და თამაშები, ვალდებული არიან, გაუკეთონ სპეციალური ასაკობრივი ნიშანდებები, რომლებიც განსაზღვრულია 18 წლამდე, 15 წლამდე, 12 წლამდე და შვიდ წლამდე არასრულწლოვანებისთვის შეუფერებელ პროგრამებზე.

კომუნიკაციების კომისია უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ ვებგვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის შედგენას და საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. აღნიშნული სია ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების მიერ განახლდება კვირაში ერთხელ.

კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტში უსაფრთხოდ ნავიგაციისთვის დამატებით საკუთარი ინიციატივით, შემთხვევით შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ინტერნეტ ვებგვერდების მონიტორინგს, იმისთვის, რომ დამატებითი ფილტრი შექმნას და გააკონტროლოს რამდენად ჯეროვნად ასრულებენ კომპანიები საკუთარ ვალდებულებებს.

გარდა ამისა, ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, მაუწყებლები ვალდებული არიან, საკუთარი ბადე დაგეგმონ ისე, რომ აღნიშნული ასაკობრივი პროგრამები ეთერში დღის კონკრეტულ პერიოდში განთავსდეს. ტელეკომპანიები ვალდებული არიან, საკუთარ ეთერში არ განათავსონ 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა 06:00 საათიდან 24:00 საათამდე, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის 06:00 საათიდან 23:00 საათამდე; ხოლო 12 და შვიდ წლამდე არასრულწლოვნისთვის 06:00 საათიდან 21:00 საათამდე.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდება, ვებგვერდები 1 000 ლარით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 3 000 ლარით დაჯარიმდებიან. ხოლო ტელევიზიები პირველ ჯერზე 2 500 ლარით, ან მაუწყებლის წლიური შემოსავლის არაუმეტეს 0.5%-ის ოდენობით დაჯარიმდებიან, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, კი მათ ავტორიზაცია შეუჩერდებათ.