დღეიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთი იქნება
დღეიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთი იქნება

დღეიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთი იქნება. საფრანგეთისგან ამ სტატუსის გადაბარების ფორმალური ცერემონია მადრიდში, ნატო-ს სამიტზე შედგა. დღეს კი ჩეხეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლიტომიშლში ჩეხეთის და ევროკომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ჩეხეთის ხელისუფლების ცნობით, ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში მათი პრიორიტეტები იქნება უკრაინის მხარდაჭერა, ომით გამოწვეული საიმიგრაციო კრიზისის დარეგულირება, ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება. ჩეხეთში იმედი აქვთ, რომ მათი ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ნატო-სთან დეკლარაციას მოეწერება ხელი.

ჩეხეთი აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას. ამასთან, პრაღა ასევე ემხრობა შენგენის ზონაში ახალი წევრების ხორვატიის, ბულგარეთისა და რუმინეთის მიღებას.

ჩეხეთის თავმჯდომარეობის პერიოდში პრაღა უმასპინძლებს ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტს, რომლის მთავარი თემაც იქნება ახალი ევროპული გაერთიანება, რომელშიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც შევლენ. არაფორმალური სამიტი ოქტომბერში გაიმართება.

ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ექვსი თვის განმავლობაში იქნება.

დატოვე კომენტარი