დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის მთავრობა პრაღაში ფარულად შეიკრიბა და რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხში საერთაშორისო მხარდაჭერას ეძებს
დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის წარმომადგენლები
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილობაში მყოფი მთავრობის წარმომადგენლები პრაღაში უსაფრთხოების მკაცრი ზომების პირობებში შეხვდნენ ერთმანეთს. ისინი ევროკავშირსა და უკრაინას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ მათ ძალისხმევას, რომელიც ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღდგენისკენ არის მიმართული. მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად, კრემლი, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე სუსტ მდგომარეობაში იმყოფება.
დევნილობაში მყოფ ჩეჩნეთის მთავრობას კონფერენციის ჩატარების ადგილი ბოლო მომენტამდე არ გაუმხელია. ეს იმით იყო განპირობებული, რომ მისი წარმომადგენლები რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან თავდასხმებს მოელოდნენ. კონფერენციის ორგანიზატორებს ამ ვარაუდის საფუძველს ის გარემოება აძლევდა, რომ, ათასწლეულის დასაწყისიდან მოყოლებული, საზღვარგარეთ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის ათობით მხარდამჭერი მოკლეს.
„საწყის ეტაპზე ვენის ვარიანტსაც განვიხილავდით. შეხვედრის ადგილის შერჩევისას, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უსაფრთხოება იყო“, – აღნიშნა დევნილობაში მყოფი მთავრობის ვიცე-პრემიერმა, აბდულ ორთაჩანოვმა.
უკვე 26 წელია, დევნილობაში მყოფი ლიდერები ცდილობენ, ევროპული სახელმწიფოები დაარწმუნონ, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობა აღიარონ. ამჟამად ყველაზე დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერას ისინი უკრაინისგან იღებენ. „ჩვენ საერთო უბედურებით გაერთიანებული მეგობრები ვართ“, – განაცხადა კონფერენციაზე უკრაინის კონსტიტუციის თანაავტორმა და უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ვიქტორ შიშკინმა.
ფაქტები: ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია
- ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია იყო საერთაშორისო აღიარების არმქონე სახელმწიფო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, 1991 წლის ნოემბერში, ცალმხრივად გამოაცხადა რუსეთისგან დამოუკიდებლობა.
- მოსკოვმა გამოყოფა უკანონოდ ცნო და 1994 წელს, სამხედრო ინტერვენციის გზით, ჩეჩნეთის პირველი ომი წამოიწყო. ჩეჩნეთი მოსკოვის რეალური კონტროლის მიღმა 1991-1994 და 1996-1999 წლებში იმყოფებოდა.
- 1999 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ეტაპობრივად აღადგინა კონტროლი ამ ტერიტორიაზე, ხოლო იჩქერიის ხელმძღვანელობამ საქმიანობა მოგვიანებით ემიგრაციაში განაგრძო.
- 2007 წელს, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი გახდა, რომლის კანდიდატურაც ამ პოსტზე რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა წარადგინა, მოგვიანებით კი ჩეჩნეთის პარლამენტმა დაამტკიცა. კადიროვის უსაფრთხოების ძალებმა მნიშვნელოვნად დაასუსტეს შეიარაღებული სეპარატისტული მოძრაობა. ამავდროულად, უფლებადამცველი ორგანიზაციები კადიროვის ხელისუფლებას გატაცებებში, უკანონო დაკავებებში, წამებასა და სხვა მძიმე ფორმის რეპრესიების გატარებაში ადანაშაულებენ. • ქვეყნების უმეტესობა, ჩეხეთის რესპუბლიკის ჩათვლით, ჩეჩნეთს რუსეთის ფედერაციის ნაწილად მიიჩნევს. 2022 წელს უკრაინამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად გამოაცხადა.
წყარო: EBSCO Research, ვიკიპედია
ვენის კონვენციის მიღება
პრაღის შეხვედრის მონაწილეებმა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მიღებას უყარეს კენჭი. დევნილობაში მყოფ მთავრობას მიაჩნია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების მარეგულირებელი საერთაშორისო წესების დაცვამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს მის ძალისხმევას, რომელიც სხვა ქვეყნებთან ოფიციალური კონტაქტების დამყარებისა და საერთაშორისო აღიარების მოპოვებისკენ არის მიმართული.
დევნილობაში მყოფი მთავრობის პრემიერ-მინისტრი, აჰმედ ზაკაევი ამტკიცებს, რომ ევროპული ქვეყნები სულ უფრო მეტად ითვალისწინებენ ჩეჩნების მოთხოვნებს. მისი თქმით, ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია რუსეთისადმი დამოკიდებულების ცვლილებით, რომელსაც ევროპული სახელმწიფოები ახლა უსაფრთხოების მზარდ საფრთხედ აღიქვამენ. „დღეს ჩვენ გვყავს მოკავშირეები და ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ჩვენს ძალისხმევას, დავასრულოთ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ოკუპაცია“, – განაცხადა ზაკაევმა.
თუმცა, მხოლოდ კონვენციის მიღება ავტომატურად არ იძლევა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის საერთაშორისო აღიარების გარანტიას. ცალკეული ქვეყნები ახალი სახელმწიფოს ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას საკუთარი პოლიტიკური და სამართლებრივი კრიტერიუმების საფუძველზე იღებენ.

ჩეჩნების რუსეთში ექსტრადიციის კრიტიკა
დევნილობაში მყოფმა იჩქერიის მთავრობამ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი და ავსტრია, ჩეჩნეთის მოქალაქეების რუსეთში ექსტრადიციის გამო გააკრიტიკა, რაც დაპატიმრების რუსული ორდერების საფუძველზე მოხდა. იჩქერიის მთავრობა ამტკიცებს, რომ ექსტრადიციის შემდეგ, აღნიშნულ პირებს პატიმრობა, წამება ან სიკვდილი ემუქრებათ.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 21 ადამიანის დეპორტირება მოხდა, რომლებიც დაბრუნებისთანავე მოკლეს“, – ამბობს დევნილობაში მყოფი მთავრობის ადამიანის უფლებათა კომისარი, რასეტა დუნაევოვა.
დევნილობაში მყოფ ბევრ ჩეჩენსა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ შეიარაღებულ აქტივისტს მოსკოვი ტერორისტად აცხადებს. რუსეთის ფედერაციისგან გამოყოფას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვიც ეწინააღმდეგება, რომლის რეჟიმი კრემლის პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ეფუძნება.
რუსეთის დამარცხების იმედი
დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის მთავრობის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და მისმა შედეგებმა კრემლი იმ დონემდე დაასუსტა, რომ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის საკითხი, შესაძლოა, საერთაშორისო პოლიტიკაში კვლავ წინა პლანზე გადმოვიდეს. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან კავკასიისა და ციმბირის სხვა ხალხები და რეგიონები, რომლებიც მოსკოვისგან მეტ ავტონომიას ან სრულ დამოუკიდებლობას ითხოვენ. „მოსკოვთან ომში უკრაინის გამარჯვება რუსეთის იმპერიის აღსასრულის დასაწყისი იქნება. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა“, – განაცხადა ორთაჩანოვმა.
უკრაინის მხარეს კადიროვის რეჟიმისა და რუსული მმართველობის მოწინააღმდეგე ჩეჩნებისგან შემქმნილი დანაყოფებიც იბრძვიან. დევნილობაში მყოფი ლიდერები აღიარებენ, რომ ეს ბატალიონები მომავალში, შესაძლოა, ჩეჩნეთშიც გადაისროლონ.
თუმცა, ამჟამად მათ პრიორიტეტად უკრაინის საბრძოლო ველზე რუსული არმიის დასუსტება მიაჩნიათ.