ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებულების გეოგრაფიული არეალი გაიზარდა და მათ რიცხვს კანადელი ალფონსო დევისი შეემატა.
„ბაიერნმა“ ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ დაამარცხა (1:0) და მიუნხენელთა შესანიშნავი მცველი, 19 წლის ალფონსო დევისი ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა.
კანადელი ფეხბურთელი მიუნხენელთა რიგებს 2019 წელს შეუერთდა და ამ ტრანსფერის ღირებულებამ 10 მილიონი ევრო შეადგინა.
2019/20 წლების სეზონში ალფონსო დევისი „ბაიერნის“ ძირითადი მარცხენა მცველი გახდა და კლუბმა მასთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააგრძელა.
გასულ სეზონში ახალგაზრდა კანადელმა მცველმა მიუნხენელთა შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ცხრა შედეგიანი გადაცემა გააკეთა.