დევიდ ქემერონი - ნავალნის გარდაცვალებაზე პუტინს პასუხი უნდა ვაგებინოთ
დევიდ ქემერონი - ნავალნის გარდაცვალებაზე პუტინს პასუხი უნდა ვაგებინოთ

ნავალნის გარდაცვალებაზე პუტინს პასუხი უნდა ვაგებინოთ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა.

„ალექსეი ნავალნი იყო წარმოუდგენლად მამაცი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ და მან დათმო ყველაფერი იმის დასაცავად, რისიც სწამდა. მე თანავუგრძნობ მის ცოლსა და ოჯახს. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, თუ რა მოხდა აქ. პუტინის რუსეთმა დააპატიმრა ის, გააყალბა მის წინააღმდეგ ბრალდებები, მოწამლა, გააგზავნა არქტიკის კოლონიაში და ახლა ის ტრაგიკულად გარდაიცვალა. ჩვენ ამისთვის პუტინს პასუხი უნდა ვაგებინოთ. არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს პუტინის რეჟიმის საშინელ ბუნებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ახლა მოხდა“, – განაცხადა დევიდ ქემერონმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნავალნის გარდაცვალებას შედეგები უნდა მოჰყვეს.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.