დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ ისრაელი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს რაფაჰში დაგეგმილი მოქმედებების გაფართოებამდე
დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ ისრაელი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს რაფაჰში დაგეგმილი მოქმედებების გაფართოებამდე

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ ისრაელი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს რაფაჰში მოქმედებების გაფართოებამდე. ქემერონმა ეს განცხადება ისრაელის მიერ რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გაკეთა, რომელსაც არსებული ინფორმაციით, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ რაფაჰში მიმდინარე სიტუაციით. თვალსაჩინო რომ იყოს, იქ მყოფმა ხალხმა ოთხჯერ, ექვსჯერაც კი შეიცვალეს ადგილი, ვიდრე რაფაჰში მივიდოდნენ. შეუძლებელია იმის დანახვა, როგორ შეგიძლია, აწარმოო ომი ამ ხალხში. მათ წასასვლელი არსად აქვთ. მათ არ შეუძლიათ სამხრეთით ეგვიპტეში წასვლა. მათ არ შეუძლიათ ჩრდილოეთით წასვლა და თავიანთ სახლებში დაბრუნება, რადგან ნაწილი განადგურებულია. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ შექმნილი სიტუაციით და გვსურს, რომ ისრაელმა შეწყვიტოს და სერიოზულად დაფიქრდეს, ვიდრე შემდგომ მოქმედებებს განახორციელებს“, – თქვა ქემერონმა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება, რომელთა შორის არიან ბრიტანელები.